მთელი ცხოვრება მაქვს პრეტენზია, მქონდეს მაღალი ანაზღაურება - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე
მთელი ცხოვრება მაქვს პრეტენზია, მქონდეს მაღალი ანაზღაურება - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე

A+ A-

380

18:50 27/12/2018

ახალი წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის ხელფასი 6500 ლარი იქნება. "2020NEWS" დაინტერესდა, რამდენად იმსახურებს მაღალ ანაზღაურებას დაბალრეიტინგული ტელევიზიის სამეურვე საბჭოს თავმჯდომარე.

"2020NEWS" ირინა ფუტკარაძეს ესაუბრა:

ირინა ფუტკარაძე:

- დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში და სამართლებლივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, ამის უფლება გვქონდა. მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, იზრდება სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტიც და, შესაბამისად, წევრების ჰონორარებიც მექანიკურად იზრდება. 2017 წელს, როდესაც აუდიტმა შეამოწმა საზოგადოებრივი მაუწყებელი, დასკვნის ანგარიშში ჩაიწერა, რომ საჰონორარო ნაწილი არ უნდა გადავდოთ არსად და უნდა იქნას ათვისებული ჰონორარის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენ ავითვისეთ ეს თანხები".  

- შესაძლოა, კანონი არ დარღვეულა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მორალურად გამართლებული იყო?

- შემიძლია გითხრათ, რომ მორალურად მე ძალიან გამართული ვარ.  ვთვლი, რომ მაქსიმალურად დიდ დროს და ენერგიას  ვხარჯავ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ასეთი მაღალი დანამატი უნდა მქონდეს. მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს პრეტენზია, რომ მქონდეს მაღალი ანაზღაურება. ეს ხან გამოდის, ხან არ გამოდის და ბუნებრივია, რომ როცა ასეთი პრეტენზია მაქვს, ის ვალდებულებაც მაქვს,  მაქსიმალურად დავიხარჯო ამისთვის.

- ანუ, ბოლომდე იხარჯებით?

- მე ვფიქრობ, რომ - დიახ!

- თქვენ რას აკეთებთ იმისათვის, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყურებადი ტელევიზია იყოს.  რა კეთდება საერთოდ?

- 2019 წელს ძალიან ბევრი ახალი გადაცემა დაიწყება. რეიტინგი კი სრულად მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა. მენეჯმენტის თქმით, 2019 წელი იქნება ახალი გადაცემების წარმოების წელი. დიდი ყურადღება დაეთმობა ადგილობრივ წარმოებას. ვნახოთ, რა შედეგებს დადებენ.

- თქვენ კმაყოფილი ხართ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რეიტინგით?

- არა, რადგან "საზოგადოებრივი მაუწყებლის“  რეიტინგი ძალიან ჩამორჩება  წამყვან ტელევიზიებს და იმედი მაქვს, რომ მენეჯმენტი საკუთარ სიტყვას შეარულებს.  მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამეურვეო საბჭო დატვირთიულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება იმ პროდუქტის ხარისხი, რასაც დავდებთ.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სამეურვეო საბჭოს წევრებმა საკუთარი ანაზღაურების გაზრდას ერთხმად დაუჭირეს მხარი. გადაწყვეტილების თანახმად, საბჭოს ჰონორარებისთვის განსაზღვრული თანხიდან წლის ბოლოსთვის დარჩენილი 27 263 ლარი 8 მეურვე წევრზე ერთჯერადად გადანაწილდა, რაც თითოეულის შემთხვევაში დამატებით 3 407 ლარს გულისხმობს.
ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ 2019 წლის ახალი ბიუჯეტის მიხედვით, იზრდება ბორდის წევრების ყოველთვიური ხელფასიც და ახალი რეგულაციების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ჰონორარი 5 800 ლარის ნაცვლად, 6 500 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის - 4 800 ლარი, ხოლო საბჭოს წევრი 3 800 ლარის ნაცვლად, 4 200 ლარს მიიღებს.