ბანას მონასტერი ნადგურდება – რატომ მიატოვა ხელისუფლებამ საკუთარი ისტორიული ძეგლი? (ფოტოები)
ბანას მონასტერი ნადგურდება – რატომ მიატოვა ხელისუფლებამ საკუთარი ისტორიული ძეგლი? (ფოტოები)

A+ A-

02:45 13/10/2018

ბანას მონასტერი, რომელიც ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე მდებარეობს, თითქმის დანგრეულია. რა ზომებს მიმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა მის გადასარჩენად, “2020 NEWS“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

სააგენტოს გენერალურ დირექტორის ნიკა ანთიძის თქმით: „თქვენ იცით, რომ ბანას მონასტერი თითქმის სრულიად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ გარკვეული ნაწილი. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, შევეცდები აგიხსნათ. თქვენ იცით, რომ თურქულ მხარესთან ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წელს.

კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი დაეთმო ამ ხელშეკრულებას. განისაზღვრა ზუსტად ის გადაუდებელი აუცილებლობის საქმიანობები, რომელიც გულისხმობს შემორჩენილ ძეგლებზე სასწრაფო გადაუდებელი სამუშაოების დაწყებას. მოლაპარაკების მთავარი შედეგია ის, რომ წელს იწყება ოშკის რეაბილიტაცია. ოშკის შემდგომ რიგში დგას ხანძთის მონასტერი, რომელიც ასევე მძიმე მდგმარეობაშია და მისმა ჩამონგრევამ შეიძლება გამოიწვიოს ავთენტური მასალების საერთოდ დაკარგვა. რაც შეეხება ბანას, იცით, რომ ეს აფეთქებული და თითქმის დანგრეული ტაძარია. ამიტომ მისი კვლევა უფრო მომავლის თემაა. ჯერ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ძეგლებს, რომლებიც სასწრაფო ჩარევას საჭიროებენ ესენია: ოშკი, ხანძთა, ოხთა“, – აცხადებს ანთიძე.

სააგენტოს კითხვაზე: „გასაგებია, რომ ჯერ სასწრაფო ჩარევის საჭიროების მქონე ძეგლებს მიაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ხომ შეიძლება კიდევ უფრო დაზიანდეს ბანა?“ – ნიკა ანთიძე პასუხობს:

“გამოცდილებიდან გამომდინარე, ძეგლთა დაცვის სპეციალისტების შეფასებით, თუ რაიმე ძალისმიერი ზემოქმედება არ მოხდა, ბანას მდგომარეობა იმაზე მეტად ვეღარ გაუარესდება. იქედან გამომდინარე, რომ ის თითქმის დანგრეულია. ჩვენ ამ ხელშეკრულებით, რომელიც თურქეთთან გავაფორმეთ, მოხდება კულტურული ძეგლების სრულფასოვანი აღწერა, მდგომარეობის განსაზღვრას და სამომავლო გეგმების ამის მიხედვით შედგენა. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ბანა დღის წესრიგში არ დგას, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც გითხარით“.

“და რა ეშველება ბანას?“, – ამ კითხვაზე ნიკა ანთიძე პასუხობს: „მერწმუნეთ, ის პროცესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ძალიან დიდი შრომის შედეგია. გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებით დარეგულირდა. ჩვენ ხელშეკრულების პირობებში ვმოქმედებთ, ამიტომ ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს და არა მგონია არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ. იქედან გამომდინარე, რომ ჯერ მთავარი ამოცანებია გადასაჭრელი და მერე გამოჩნდება ის გზა, რომლითაც სხვა ძეგლებამდე მივალთ. ამით, ცხადია, არ კნინებს ბანას მნიშვნელობას.

ცნობისათვის, ბანას (ანუ ძელი ცხოვლის, იგივე წმ. ჯვრის) სახელობის საკათედრო ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი იყო ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ამჟამად ბანა თურქეთის საზღვრებშია „ფანაკის“ სახელწოდებით.

ტაძარი VII საუკუნის შუა წლებში ააშენეს ადარნასე II-ის დროს (881-923) .