ვინც არ დამიჯერებს, გახარია დასჯის - ბიძინა ივანიშვილი ძიუდოისტებს ემუქრება
ვინც არ დამიჯერებს, გახარია დასჯის - ბიძინა ივანიშვილი ძიუდოისტებს ემუქრება

A+ A-

17:21 07/01/2019

"ქართული ოცნების" ლიდერმა და ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ძიუდოისტები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები შუშის სასახლეში დაიბარა და დატუქსა.

"2020NEWS"-ის ინფორმაციით, შეხვედა ოლიგარქთან ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. ივანიშვილის მხრიდან ძიუდოისტებთან შეხვედრის ინიციატივა ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდა, რადგან ძიუდოისტები ორ ნაწილად არიან გაყოფილები და ვითარება ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის ძალიან გართულებულია.

"2020NEWS"-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირებული მხარეებისგან შერიგება მოიხოვა. ასევე, ივანიშვილმა სპორტსმენებს მითითება მისცა თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რათა "ქართული ოცნების“ იმიჯი არ დაზარალდეს.

"ვინც მე არ დამიჯერებს, გახარია დასჯის“, - ასე დაემუქრა ურჩ სპორტსმენებს და ფედერაციის წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილი. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას თითქმის ყველა ცნობილი ძიუდოისტი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ - ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ყოფილი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, ასევე ყოფილი ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და ა.შ.

"2020NEWS" შეეცადა, აღნიშნული შეხვედრის დეტალები იქ მყოფ პირებთან დაეზუსტებინა, თუმცა უშედეგოდ. მრავალმხრივი მცდელობის შემდეგ, მათ მობილური ტელეფონები გამორთეს.

შეგახსენებთ, ნოემბრის თვეში იაპონიაში ოსაკას გრან სლემზე, ქართველ ძიუდოისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ის ძიუდოისტები, რომლებიც ფედერაციიის ექს-პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს უპირისპირდებოდნენ, ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი და მათი სხვა მომხრე ძიუდოისტები, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები გამართეს. საბოლოოდ, ქევხიშვილი გადადგა, თუმცა ფედერაციაში დაძაბულობა ჯერ კიდევ არ განელებულა.