"უკანასკნელი იმედი 2018 წლის 10 იანვარს მოკვდა, ემოციურობასთან ერთად, სიბრაზე მკლავს, რატომ ვერ დაისაჯა თემირლანის მკვლელი"
"უკანასკნელი იმედი 2018 წლის 10 იანვარს მოკვდა, ემოციურობასთან ერთად, სიბრაზე მკლავს, რატომ ვერ დაისაჯა თემირლანის მკვლელი"

A+ A-

660

12:04 10/01/2019

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ერთი წლის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს, რომელიც 10 იანვარს საავადმყოფოში დაიღუპა.

"27 დეკემბრის უმძიმესი დღეების მერე, შედარებით იმედიანად წამოვედი საავადმყოფოდან სახლში, სწორედ მაშინ, როცა დავასრულე მოლაპარაკება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკასთან, რომ თემირლანი მიეღოთ მანამდე, სანამ თანხა გადაირიცხებოდა. მალხაზი და მედიკო დავტოვე და სახლში მოვედი, პირველად დამეძინა.. გამთენიისას მედიკოს ზარი შემოვიდა... მან თემირლანის გარდაცვალების ფაქტი მამცნო. დილის 8:00 საათი იყო, წამიერად ჩავიცვი და გავვარდი, პირდაპირ თემირლანის ოთახში ავედი.. მისი სხეული ლოგინში იდო.. აპარატი გამორთული ჰქონდათ და გადაწყობილი ყველა მოწყობილობა. ექიმს ვკითხე, ხომ მიგვყავდა, სტაბილურად იყო, რა მოხდა.. მხრები აიჩეჩა და გვერდით ოთახში გავიდა, ეგონა მას ვერჩოდით.. შეშინებული იქნევდა ხელებს. დაცვა ისევ იქ ტრიალებდა, რომელმაც არ დაგვტოვა არცერთი წუთი, ყოველდღე ავდიოდი თემირლანთან და ტელეფონის გამოყენების უფლება არ მომცეს, ფოტო რომ გადამეღო. როგორც მისი სხეული გადმოვიტანეთ, მალხაზმა თქვა პირდაპირ წავსულიყავით პანკისში, სახლში, თუმცა მე აქ ვიტვირთე ყველაზე მძიმე ტვირთი, ეს იყო ექსპერტიზა... ვერ გავაგრძელებ მეტს, მხოლოდ ცხოვრების ბოლომდე ჩამყვება მალხაზის კბილების ხმა და მთელი ძალით ცხელი ჩაის ჭიქაზე მოჭერილი ხელი, რომელსაც ძალადობით ვასმევდი და ვთხოვდი, რომ უნდა გაეძლო, რომ თემირლანის მკვლელი დასჯილიყო! მე მას სწორედ იქ შევპირდი, რომ სანამ ცოცხალი ვარ მის გვერდით ვიქნები და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან! ბოლოს კი, ექსპერტიზის მანქანას გავყევი... უკანასკნელი იმედი 2018 წლის 10 იანვარს მოკვდა, თემირლანი გარდაიცვალა, დაუვიწყარი და უმძიმესი ფაქტია ჩემს ცხოვრებაში. მე დიდი ვალდებულება ვიკისრე და ემოციურობასთან ერთად, სიბრაზე მკლავს, რატომ ვერ დაისაჯა თემირლანის მკვლელი....”, - წერს კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, 2017 წლის 27 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრა. ის თავდაპირველად თელავის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, 28 დეკემბერს კი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 იანვარს კი ახალგაზრდა გარდაიცვალა.