რა ელოდება ვარძიას?
რა ელოდება ვარძიას?

A+ A-

106

02:50 13/10/2018

რა ელოდება ვარძიას? – ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში, რაც ჟურნალისტმა და „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრმა ნინო მიქიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია: ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ისეთი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს.

2020NEWS დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკა ანთიძეს დავუკავშირდით.

– ბატონო ნიკა, “ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით მიმდინარეობს მესხური ტერასების რეკონსტრუქცია?

-„ქართუ ჯგუფის“ დაფინანსებით მიმდინარეობს თვითონ კომპლექსი ვარძიის გადარჩენითი, კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს კლდის გამაგრებას, ბილიკების და მოაჯირების მოწყობას და ა.შ. რაც შეეხება ტექნიკის მოძრაობას, მიწის შეტანა-გატანა ხდება მხოლოდ, რომ ტერასები მოეწყოს. ადგილზე არქეოლოგები მუშაობენ და შესაბამისად, ყველანაირად გამორიცხულია რაიმეს დაზიანება.

ინფრასტრუქტურული ნაწილი კი, ჩვენი თხოვნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანა. იგივე ვიზიტორთა ცენტრის აგება, პარკირების ადგილისა და მესხური ტერასების მოწყობა. ეს ყველაფერი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხდება.

– ვისთან შეთანხმებით კეთდება ეს პროექტი?
– ამაში ჩართულები არიან ექსპერტები და გეოლოგი, რომელიც გვეხმარება ამ პროექტის მომზადებაში და რომელიც შეთანხმებულია სპეციალისტებთან. ასე, რომ ყველაფერი აწონილ-დაწონილია.
– ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ეს არის ბლოკით აშენებული უსახური შენობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაამახინჯებს აღნიშნული ნაგებობა ვარძიის იერსახეს და ისტორიულ ნაწილს?
– ეს შენობა ბეტონით შენდება, მაგრამ მოპირკეთება კეთდება ისეთი, როგორიც ადგილობრივ გარემოს შეესაბამება. მანდ არ იქნება ისეთი არაფერი, რაც ადგილობრივი მხარისთვის დამახასიათებელი არაა. ჯერ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და წინასწარ გარკვეული შეფასებების გაკეთება ნაადრევი და ამავდროულად, აბსურდულია.
– ანუ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ვარძია ბაგრატის ბედს არ გაიზიარებს?
– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ვარძია არ შედის. გარდა ამისა, ბაგრატის ბედს ვერ და არ გაიზიარებს იქიდან გამომდინარე, რომ ძეგლზე მიმდინარეობს მეთოდოლოგიურად სწორი სამუშაოები. ასე, რომ ეს ყველაფერი არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი და მეტი არაფერი. ვინც ამაზე მსჯელობს ვურჩევდი, რომ ჯერ გაიარონ კონსულტაციები ძეგლთა დაცვის ორგანოებთან და თუ არ დააკმაყოფილეს მათი პასუხები, შემდეგ ატეხონ ჭიქაში ქარიშხალი.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა და “საყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრმა ნინო მიქიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

„ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს – ვარძიის ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობას! “ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით მესხური ტერასების რეკონსტრუქცია მიმდინარეობსო, – ეს არის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ოფიციალური კომენტარი. რეალურად იქ მესხური ტერასები არასდროს ყოფილა. ეს ამბავი გუშინწინ გავიგე და სანამ ასე საჯაროდ მოგმართავდით, სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარე.

ამ ცემენტით დათხაპნილი ტერასებიდან რამდენიმე მეტრით ქვემოთ (იქ სადაც მუზეუმის ადმინისტრაციის მოქმედი შენობაა), ბლოკით უსახური შენობა აუგიათ. განმიმარტეს, რომ ეს იქნება მუზეუმის ადმინისტრაციის ახალი შენობა, ესეც ვარძიის ხედის დამახინჯების ხარჯზე.

შენობა გადახურულია, კარ-ფანჯარა ჩადგმული აქვს და ახლა ამ შენობის კორექტირება უნდა დაიწყონო, – ასე მითხრეს სააგენტოში.

ვარძიისთვის ძალიან სოლიდური თანხაა გამოყოფილი და ახლა ამ თანხის “ეფექტური ათვისება” მიმდინარეობსო, – კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს. არ ვიცი ეს “ქართუმ” გამოყო, სახელმწიფომ თუ ორივემ ერთად, მაგრამ ის ვიცი, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს“, – წერს ნინო მიქიაშვილი.