გარდაცვლილი სალომე ქემაშვილის ოჯახი ამირან გამყრელიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
გარდაცვლილი სალომე ქემაშვილის ოჯახი ამირან გამყრელიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

A+ A-

2615

15:10 10/01/2019

გრიპის ვირუსით გარდაცვლილი 22 წლის სალომე ქემაშვილის ოჯახი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს სიცრუის გავრცელებაში  ადანაშაულებს.

მანანა იმედაძის თქმით, მის რძალს არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს, ვირუსთან ერთად, ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს“!!!! - წერს მანანა იმედაძე სოციალურ ქსელში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სალომე ქემაშვილის გრიპით გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ გარდაცვლილს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

"კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად, იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა.