ვლადიმერ ჩაჩიბაიას მტკიცებით, არც ერთი სამხედრო სამსახურის გარეშე არ დარჩება
ვლადიმერ ჩაჩიბაიას მტკიცებით, არც ერთი სამხედრო სამსახურის გარეშე არ დარჩება

A+ A-

80

15:30 10/01/2019

თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია კატეგორიულად უარყოფს მუხროვანის სამხედრო ბაზიდან სამხედროების გათავისუფლებას.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  თავდაცვის ძალებში ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფთან და საქართველოში არსებულ ამერიკელი მრჩეველების ჯგუფთან იყო შეთანხმებული, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამხედროები გაათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.  
ჩაჩიბაიას განმარტებით, არც ერთი სამხედრო სამსახურის გარეშე არ დარჩება და  აღნიშნული ტრანსფორმაციის მიხედვით, სამხედროები ორ ლოკაციაზე გადანაწილდნენ , რაც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას გააძლიერებს.

“არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება სამსახურის მიღმა. ყველა სამხედრო მოსამსახურე არის დასაქმებული. ამას დაადასტურებს ჩვენი პერსონალის მართვის ცენტრის უფროსიც. ეს პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფთან ერთად და საქართველოში არსებული ამერიკელი მრჩეველების ჯგუფთან ერთად მოხდა ამ საკითხების განხილვა. სტრუქტურა-ორგანიზაცია მივიყვანეთ იმ სტანდარტებზე, რომელიც არის ნატო-ს წევრ ქვეყნებში. ეს არის აბსოლუტურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. ყველა ადამიანი იქნება დასაქმებული, არც ერთი მათგანი არ არის კადრების განყოფილების განკარგულებაში. ყველა გადანაწილებულია სხვადასხვა თანამდებობებზე. ყველა მეთაურმა იცოდა, რომ სპეცდანიშნულების ძალები ორ ლოკაციაზე გადანაწილდებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, არის მხოლოდ ერთი ლოკაცია - თბილისში. ოპერატიული მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რომლებსაც ითვალისწინებს ჩვენი თავდაცვის გეგმა, საჭიროა, ჩვენი შესაძლებლობები თანაბრად გადანაწილდეს, რათა საომარი მოქმედებების დროს ავტონომიურობის რეჟიმში ოპერატიულად იმოქმედოს სპეცდანიშნულების ძალებმა“, - განაცხადა  ჩაჩიბაიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხრანის სამხედრო ბაზიდან  800-მდე სამხედრო მოსამსახურეე გაათავისუფლეს.