"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გაწირა - "წავა ეკა, წავალ მეც!"
"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გაწირა - "წავა ეკა, წავალ მეც!"

A+ A-

3009

18:47 10/01/2019

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეკა ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ, ამიტომ ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი.

”გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი. მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა.

ამ ფონზე, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით, გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.

გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ეკა ბესელია და განაცხადა, რომ ორშაბათს ისაუბრებს და ნათელს მოჰფენს ყველაფერს.

“რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!!

მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება“, - განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათი უმეტესობა გუნდის ლიდერს მხარს უჭერს.

ეკა ბესელიას თანამოაზრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეკა ბესელია ყოველთვის იცავდა გუნდის ინტერესებს, ამიტომ ვერ დაეთანხმება პარტიის თავმჯდომარეს.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადების ერთი ნაწილი ეხება მოსამართლეებს და მეორე - ეკა ბესელიას. მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ სწორი იყო გადავადება, რაც ეკა ბესელიას დამსახურებაა. ივანიშვილი ამბობს, რომ განსხვავებული აზრი საპატივსაცემოა და ანგარიშგასაწევია, ამიტომ ფრთხილად უნდა მივუდგეთ. მეორე მხრივ ეკა ბესელიას გუნდურობაში ეჭვი შეაქვს და ბატონი ბიძინას ამ ნაწილს ვერანაირად ვერ დავეთანხმები, იმიტომ, რომ თუ კი ვინმე ამ გუნდისთვის იბრძოდა, ეს არის ეკა ბესელია და ახლა რომ იცავს გუნდის ინტერესებს, ასე არასოდეს დაუცავს. ის არის თავისი გუნდის ინტერესების დამცველი. მისი ინტერესი არავითარ შემთხვევაში არ არის, ის რომ "ზონდერი" მოსამართლეები დაინიშნონ უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა გედევან ფოფხაძე.

მისივე განცხადებით, მოსამართლეთა სიას გზას ის უხსნიდა ვინც ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას ცდილობდა.

"ვინც ცდილობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას, ის უხსნიდა ამ მოსამართლეთა სიას გზას. როდესაც ვთქვი, რომ მინდოდა, "ოცნებიდან“ წავსულიყავი, რადგან გუნდში ვხედავდი მოძრაობებს, ნაბიჯებსა და ქცევას, რაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის ღირებულებებთან არ მოდიოდა თანხვედრაში, ჩემმა მეგობრებმა, იგივე დათო ჭიჭინაძემ, რომელიც მერე თავად გარიცხეს, ასევე ეკა ბესელიამ და სხვებმა მითხრეს, რომ არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გუნდის წინაშე და შენი ყოფნა საჭიროა, რათა დავაფიქსიროთ პოზიციაო. ეკა ბესელია ცალსახად ამბობდა, რომ ეს იყო სასამართლოს საკითხი“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, სიის წარდგენას ელოდებოდნენ, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო როგორი იქნებოდა სია.

"როცა დაიწყო საუბარი ეკა ბესელიას შესაძლო გადასვლაზე კომიტეტიდან, მისი პირობა იყო, რომ მაშინ ზარდიაშვილიც არ უნდა ყოფილიყო კომიტეტში. რატომ არ ისმის კითხვა, პირველმა მოადგილემ რატომ დაწერა განცხადება. თუ პირველი მოადგილე არ დაწერდა, ეკა ბესელია საერთოდ არ დაწერდა განცხადებას“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტმატი გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეკა ბესელიას პარტიას დაატოვებინებენ, თავადაც დატოვებს "ქართულ ოცნებას“.

"პარტია, რომელიც გარიცხავს ეკა ბესელიას იმის გამო, რომ ის იცავს იმ ღირებულებებს, რომლითაც ეს პარტია შეიქმნა, ამ შემთხვევაში ეკა ბესელიაა "ქართული ოცნება" და არა - ის ნაწილი, რომელიც მას რიცხავს. ანუ მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი თავიდანვე", - განმარტა ფოფხაძემ.

მისი თქმით, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებზე "მორალურ გადაწყვეტილებას" მიიღებენ, "არავინ არსად გაიქცევა".

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს იზიარებს.

“თვითონ რაკურსი, საკითხის ამგვარად დაყენების - არასწორია და ჩახლართულია. არის პოზიცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იზიარებს და მხარს უჭერს როგორც პარტიის ლიდერი და ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტში ჩართულ რომელიმე მხარეს უჭერს მხარს. აზრები განსხვავებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ეკა ბესელიას ბრალდება ან არაგულწრფელობა, ან სახელმწიფო პოზიციების წინაარმდეგ დაკავებაა. ნუ ვიქნებით ორიენტირებული სკანდალზე. ფაქტია, რომ მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გუნდი გაიყოს, თუმცა, ეს როდის მოხდება, არ ვიცი.

გარიცხვა - ეს სიტყვაც სკანდალზე ორიენტირებული ტერმინია. ვეცდებით მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. განსხვავება არ მდგომარეობს მოსამართლეთა საკითხის ირგვლივ. განსხვავებაა ჩვენს მოსაზრებებში, ქმედებებთან დაკავშირებით. რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო იყო ეკას და გედევანის მოქმედებები. მე არანაირად არ ვგულისხმობ და განვიხილავ ჩემს თავს მათ რიგებში, ვინც ფიქრობს სწრაფი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება მოახვიოს ქვეყანას. ამაზე მიუთითებდა ეკა. გულნატკენი დავრჩი ამის გამო. რაც არ ხდება, იმაზე აპელირება სწორი საქციელი არ მგონია. ფაცი-ფუცით და დაჩქარებული წესით, არ შეიძლებოდა მოსამართლეების საკითხის განხილვა. იმაზე საუბარი, რომ გუნდს გადაწყვეტილი ჰქონდა პრინციპის წინაარმდეგ წასულიყო, ეს არის არასწორი და აქ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები”, - განაცხადა ვოლსკიმ.

უმრავლესობიდან რამდენიმე თვის წინ გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ნაწილობრივ ეთანხმება და ნაწილობრივ არა.

როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, კარგია, როცა ადამიანი ამბობს, რომ მეტი გახსნილობა და მსჯელობაა საჭირო,  თუმცა არ ეთანხმება იმ საკითხში, რომ ეკა ბესელია გუნდორობას არღვევს.

"კარგია, როცა ადამიანი ამბობს, რომ მეტი გახსნილობა და მსჯელობა უნდა იყოს მანდატებთან მიმართებაში. თუმცა, არ ვეთანხმები იმ საკითხში, რომ ეკა ბესელიამ გუნდურობა დაარღვია, რადგან რომ არა ეკა ბესელიას და საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება და რეაქცია, არავინ არ გაიწვევდა ინიციატივას მოსამართლეებთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილი გუნდურობის დარღვევას ეკა ბესელიას უკავშირებს, სინამდვილეში კრიზისის გამომწვევი ვანო ზარდიაშვილი და მისი გუნდი იყო, როდესაც ბესელიას ორჯერ დემონსტრაციულად დაუტოვეს კომიტეტი. ამიტომ, პირველი ნაწილიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა საუბარი ვინ დაარღვია პირველად პრინციპები“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "სამარცხვინო ფარისევლობა“ უწოდა.

"სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა "ოცნების“ შიგნით, სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე, უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია“, - განაცხადა უგულავამ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ დაუტოვა განცდა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სწორად წავა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იქნება ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რისი მიღებაც ამ მოწვევის პარლამენტს მოუწევს.

"ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არის, რომ სწორი პროცესით შევარჩიოთ მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იქნება ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რაც ამ მოწვევის პარლამენტს მოუწევს, რომ მიიღოს. ამ განცხადებაშიც აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ამ პროცესს პარლამენტმა სათანადო გულისხმიერება უნდა დაუთმოს.

ამ განცხადებიდან რა განცდაც მაქვს, არის ის, რომ პროცესი წავა სწორად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი. მოლოდინი მაქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ პროცესი წარიმართება სწორად, ჯერ კანონის მიღებით და შემდეგ ამ კანონის შედეგად კანდიდატების შერჩევით", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას პარლამენტში მხარდაჭერა არ ექნება.

"ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ უმრავლესობა არის წინააღმდეგი ამ სიის. მე არ მგონია, რომ ამ სიას უნდა მივუბრუნდეთ და უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ გვარებზე, სანამ პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს",- აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ასევე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, მმართველი, "რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს შორეულ მომავალში დამარცხებასაც კი, „მარადისობას“ ელტვის და „თვითგანადგურებას“ აღწევს."

„მმართველს მართლა და გულწრფელად არ ესმის - რას აშავებს, როდესაც “მურუსიძის“, “ფარცხალაძის“, “სალომეს“, “გუნდის“, “ხაზარაძის“ საქმეებს “აკეთებს.  მმართველი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს შორეულ მომავალში დამარცხებასაც კი, “მარადისობას“ ელტვის და “თვითგანადგურებას“ აღწევს. მისი ოცნება ძალაუფლებით არსებობის კიდევ რამდენიმე წამით, წუთით, წლით გახანგრძლივებით იფარგლება. მისთვის თავისუფალი სახიფათოა, მორჩილი - სასურველია, პრინციპული - უმადურია, პატიოსანი - სუსტია, ცბიერი - ჭკვიანია, ზნეობა - ტვირთია, კანონი - სურვილია, სიკეთე იყიდება, ადამიანი თოჯინაა, ცხოვრება შურისძიებაა", - წერს დავით უსუფაშვილი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც გამოეხმაურა და განაცახადა, რომ ივანიშვილი მურუსიძეს ეწირება.

“წავიკითხე. დავდარდიანდი. აღარც კეკლუცობს. საბოლოოდ გადაწყვიტა: მურუსიძეს ეწირება”, – წერს ხიდაშელი.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ეკა ბესელია აღმოჩნდა კატალიზატორი მმართველ გუნდში რღვევის პროცესების ინიცირების, რამაც ივანიშვილის დაუფარავი გულისწყრომა გამოიწვია.

ლაგაზიძის თქმით, "ქართული ოცნების“ რღვევა გაგრძელდება და ეს პროცესი ქვეყნისთვის კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ცალსახად იგრძნობა გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა ერთიანი გუნდურობის და გუნდის შენარჩუნება,  რამაც ივანიშვილი ბესელიაზე გაანაწყენა. გასულ წელს, როდესაც  ივანიშვილი  დაბრუნდა პოლიტიკაში  თქვა, რომ გუნდში ვბრუნდები წინააღმდეგობების მოსაგვარებლადო.  ახლაც ამბობს, რომ ბესელიას გადაყენების საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში იდგა, სწორედ იმიტომ, რომ გუნდურობის წინააღმდეგ მიდიოდაო - ასე იკითხება განცხადების შინაარსიდან.  სწორედ ეკა ბესელია აღმოჩნდა კატალიზატორი გუნდში რღვევის პროცესების ინიცირების. ამან გამოიწვია ივანიშვილის დაუფარავი გულისწყრომა“.

ლაგაზიძე არ ეთანხმება ივანიშვილს, რომ ბესელია გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა. მისი თქმით, ბესელია ასე კობახიძის გუნდის საპასუხოდ მოიქცა.

"პარლამენტის რეგლამენტში არ ვარ დეტალურად  ჩახედული  და ვერ გეტყვით, გედევან ფოფხაძის არჩევით ბესელიამ დააღვია თუ არა რეგლამენტი.  თუმცა,  რეგლამენტი ერთია და გუნდურობის თემა მეორე.  სიტუაცია უკვე იმდენად იყო გამწვავებული გუნდის შიგნით, უშუალოდ იურიდიულ კომიტეტთან არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ეკა ბესელიამ გადადგა ასეთი ნაბიჯი. მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა,  დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. კობახიძის გუნდის მხრიდან როგორი განწყობაც იყო მის მიმართ, ისეთივე შემხვედრი ნაბიჯი გადადგა ბესელიამაც.

ლაგაზიძის თქმით, "ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. კითხვაზე ბესელიას და ფოფხაძის შემდეგ ვის გარიყავს მმართველი გუნდი ლაგაზიძე პასუხობს:

"მე გამიჭირდება ფორმულირება, გუნდი გარიყავს, თუ ესენი წავლენს. დაახლოებით 7-8 კაცი პრინციპულად საუბრობს იმაზე, რომ თუ მოსამართლეების  სია გავა, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობას დატოვებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები შეგუებულები არიან იმას, რომ უმრავლესობას ტოვებენ. ვფიქრობ, რომ დასწრებაზეა, ვინ მოასწრებს განცხადების გაკეთებას. დანარჩენი გუნდი გარიცხავს ამ ადამიანებს, თუ ეს ადამიანები გააკეთებენ განცხადებას წასვლის თაობაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ საკითხი მარტივადაა. რადგან წყალგამყოფი გახდა მოსამართლეთა სია, ასეთ შემთხვევაში რა გამოდის, ვინც მოსამართლეთა სიის წინააღმდეგ წავა ყველას უნდა დაატოვებინონ უმრავლესობა? - ეს სერიოზულ საფრთხეს და პრობლემებს შექმნის.  ამიტომაც ვფიქრობ, რომ უმრავლესობის დაშლა-არმოშლის პროცესი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადანაწილდება მოსამართლეთა ათკაციანი სიის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა.

რაც უფრო ბევრი იქნება სიის მოწინააღმდეგეების რაოდენობა, მით უფრო გაუჭირდება ვიღაცის გარიცხვაზე საუბარი მმართველ გუნდს.

ლაგაზიძე არ ეთანხმება ზოგიერთი ექსპერტის  მოსაზრებას,  რომ ივანიშვილს მოსამართლეთა სიის დანიშვნა უკვე გადაწყვეტილი აქვს  და ასე რომ არ იყოს, მათ კანდიდატურას არც წარადგენდნენ.

"ამ განცხადებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ - ცალსახაა, რომ ივანიშვილი არ არის ნეგატიურად განწყობილი იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის მიმათ და მისი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიმართ. ეს ამ განცხადებიდან პირდაპირ იკვეთება. მეორეს მხრივ - მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებაში ასახულია გუნდის იმ წევრების განწყობა, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ მოსამართლეთა ათკაციანი სიის.  მე ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია თუკი  ამ ათკაციანი სიის გატანა მარტივად მოხერხდებოდა, მაგრამ ამ განცხადებიდან ჩანს მზაობა, რომ  დისკუსია გაიმართოს. მე ვერ დავარქმევდი ამ განცხადებას მწვანის ანთებას მოსამართლეთა ათკაციანი სიის მიმართ. მაგრამ ამავდროულად, ძალიან ნათლად და ხაზგასმით არის არის განწყობა იუსტიციის საბჭოს მიმართ და ეს განწყობა ნეგატიური ნამდვილად არ არის.

ძნელი სათქმელია, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ სახით მოსმართლეთა სია ვერ გავა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუნდის წევრებს კომენტარი არ გაუკეთრებიათ.