საგამოძიებო სამსახურში “უცნობის“ სიძისა და ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
საგამოძიებო სამსახურში “უცნობის“ სიძისა და ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

A+ A-

14:39 17/10/2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მომღერალ „უცნობის“ სიძისა და ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამომძიებლები ლილოს იმ ტერიტორიით დაინტერესდნენ, რომელიც სახელმწიფოსგან კომპანია „კონსტრაქტვიჟენმა“ 2016 წელს შეიძინა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნა.

გიორგი შარაშიძის თქმით, „თუ ვინმეს ამ საქმის გამოძიება უნდა და ეს არ არის ზეწოლისთვის, შეუძლიათ ამოიღონ კამერების ჩანაწერები და გაიგონ, ვინ წაიღო სამშენებლო ნარჩენები“.

„საქმე არის თითიდან გამოწოვილი, რაღაც აგურების საქმე, რომელიც სანამ კარტელზე გავასაჩივრებდი, 6-7 თვის წინ გადავაბარე ეკონომიკის სამინისტროს და საგარანტიო თანხაც წაიღეს. გადაიბარეს და აბსოლუტურად არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. 7 თვის თავზე, როცა გავასაჩივრე უკვე კარტელზე და დავიწყე ეს ბრძოლა ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, იმის მერე წამოვიდა ეს გაუგებარი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც უკვე მეექვსედ მიმდინარეობს ჩემი დაკითხვა. მათი მიზანი არ არის, რომ საქმე გამოიძიონ, არამედ რამენაირად მოახდინონ ზეწოლა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი შარაშიძე აღნიშნულ საკითხზე 2017 წლის დეკემბერშიც გამოკითხა.

შეგახსენებთ, „კონსტრაქტ ვიჟენმა“ ლილოს ტერიტორია სახელმწიფოსგან 2016 წელს გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნა. ვალდებულების შეუსრულებლობას შარაშიძე მისი კომპანიის გაკოტრებით ხსნის.