რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პაციენტების მიმართ ჰიგიენა დაცულია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პაციენტების მიმართ ჰიგიენა დაცულია

A+ A-

13:36 11/01/2019

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა უარყოფს ინფორმაციას, რომ საავადმყოფოში პაციენტებს არაჰიგიენურად ემსახურებიან. როგორც "2020NEWS“-ს რესპუბლიკურში განუცხადეს, ყველა ჰიგიენური წესი დაცულია.

"სოციალურ ქსელში, ეს პოსტი ჩვენც წავიკითხეთ. აბსოლუტურად სიცრუეა, რასაც მომხმარებელი წერდა. ამ პაციენტს მაღალ დონეზე მოემსახურნენ. ჩვენი პრიორიტეტია პაციენტებისა და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება. შესაბამისად, არც ერთი თანამშრომელი ხელთათმანის გარეშე პაციენტს არ ემსახურება. საგანგებო რეჟმში ვმუშაობთ და ყველგან ხსნარები გვაქვს. მსგავსი შემთხვევა, რაზეც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერდა, არ ყოფილა“, - განუცხადეს სააგენტოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობის თქმით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ იკლო.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის მქონე პაციენტების რაოდენობა შემცირდა. ძირითადად, ვირუსით დაინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოს აკითხავენ. თუმცა, ჩვენს საავადმყოფოში იყო პაციენტების ზრდა, მაგრამ ახლა კლება დაიწყო“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

მათივე თქმით, რესპუბლიკურში კარანტინი არის გამოცხადებული, თუმცა პაციენტების მიღება არ შეჩერებულა.

"პაციენტების მიღება არ შეგვიწყვეტია. თუმცა, პაციენტების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვემსახურებით ყველა მათგანს. უბრალოდ, განყოფილებებში პაციენტების მნახველების შეშვება შეზღუდულია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“, - განუცხადეს სააგენტოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა ტიკარაძემ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არანაირი ჰიგიენური დაცვა არ ხდება.

"კარანტინის პირობებში, ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა, თან მარტო მე ვიყავი და "მომსახურების” შორის, ტელეფონი არ დაუდია ხელიდან. მერე ერთი-ორჯერ ჩაიცემინა, ჩაიხველა ხელში და იმ ხელით შემიცვალა წვეთოვანიც და ინგალატორიც“, - წერდა ეკა ტიკარაძე.