"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები ჩემი საქმე არ არის - სალომე ზურაბიშვილი
"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები ჩემი საქმე არ არის - სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

671

18:31 11/01/2019

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები მისი საქმე არ არის.

"ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით. როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე ჩემი პირადი ურთიერთობები უნდა გაგიზიაროთ რომელიმე წევრის მიმართ და სხვათაშორის, კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი.

იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ, არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე და მე მგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა, ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს ის შერიგებისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ ჩაერევა. მისი თქმით, არაფერი ისეთი არ ხდება, სადაც პრეზიდენტის ჩარევაა საჭირო.

"არ შეიძლება, რომ მე ჩართული ვიყო ამ დისკუსიებში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თუნდაც მმართველ გუნდში ამ ტიპის დისკუსიებია, ნორმალური და საჭიროა. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც ასეთი რამ არ არსებობს. მე მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. დღეს მე მგონი არაფერი ისეთი არ არის, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს. ჩვენ ომის პირას ნამდვილად არა ვართ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, დღეს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, პირველი პრესკონფერენცია გამართა.