რატომ არ ულოცავს სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ავტოკეფალიის აღიარებას?
რატომ არ ულოცავს სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ავტოკეფალიის აღიარებას?

A+ A-

121

18:58 11/01/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს პოზიციას იზიარებს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებას არ ჩქარობს. როგორც ზურაბიშვილი  განმარტავს,  საპატრიარქოს აღნიშნულ საკითხზე ფრთხილი პოზიცია აქვს, რომელსაც  ხაზს “ვერ გაუსვამდა“.

“უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც პირადად ჩემთვის და მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მომავალში. ჩვენთან ეს არის დამოუკიდებლობის საწინდარი, ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, ასევე მისი განვითარების საწინდარს ყველა მხრივ. თუმცა ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება. ჩვენ სხვადასხვანაირი ქვეყნები ვართ და ერთნაირი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა ამ ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს მე, როგორც ადამიანი არ გესაუბრებით, მე ვარ პრეზიდენტი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

მე მგონია, რომ ეკლესია და საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ასევე, თუ საპატრიარქო და ქართული ეკლესია ფრთხილობს, რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე არ მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი. ჩემთვის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ გავაკეთე, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ავიღო ეს პასუხისმგებლობა, ამ საკითხების გამო. არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ყველამ იცის, რა საფრთხეები შეიძლება იყოს. მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ტომოსს ხელი მოაწერა. მიუხედავად აღიარებისა, ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურად უკრაინის ავტოკეფალია არ უღიარებია.