ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა

A+ A-

12:02 12/01/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის განცხადებებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აფასებდნენ. კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები ხელს არ შეუწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას.

"ჩემგან არ იქნება სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ მან სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას. მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.