"ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ"
"ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ"

A+ A-

12:09 12/01/2019

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნდა ვიმსჯელოთ ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ.

კობახიძის თქმით, კანონს რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას სჭირდება ანალიზი და მსგავსი კანონის შემუშავებაზე ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა საუბარი.

„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა არის სახეზე. ხომ ყველა ვხედავთ ამ პრობლემას, აქ საუბარია არამარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალური ქსელებით, ასევე სხვა ფორმით. სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას.

ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს იმ სურათიდან, რომელსაც ხან ქმნის მედია, ხანდახან სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.