"უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, თუმცა მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა"
"უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, თუმცა მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა"

A+ A-

12:28 12/01/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ ეკა ბესელიას გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში ჰქონდა მიღებული და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდებოდა.

"რაც შეეხება ნათელის მოფენას, ობიექტური სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული ჯერ კიდევ ზაფხულში ამ საკითხთან დაკავშირებით.  არავითარ შემთხვევაში, ეს არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას, მით უმეტეს, მოსამართლეების არჩევას და შერჩევას, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან წასვლის თაობაზე. სხვა საფუძველი ჰქონდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, არასწორი სარჩული დაედო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად სხვა საფუძვლით იქნა მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, თუმცა მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა.

"ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, მათ შორის ვადებთან და სიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. გუნდში ბევრი ასეთი დეპუტატი იყო, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი სანქცირების თუ რამე სხვა გადაწყვეტილების საკითხი, რადგან პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას გუნდის შიგნით. აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება გარკვეული სანქციის თუ რაიმე სხვა მიდგომის გამოვლენის საფუძველი. შეიძლება, ასეთი რამ დღის წესრიგში დადგეს თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. სამწუხაროდ, ეს პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, გუნდი გადაწყვეტილებას არ ჩქარობს და პროცესების განვითარებას დაელოდება.

"შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. იმედი მაქვს, ყველა დეპუტატი, რომელიც არის წარმოდგენილი საპარლამენტო უმრავლესობაში დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია რომ დაცული იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის მთავარია,  არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ არაერთი ტყუილი მოვისმინე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.