რა აკავშირებს კულტურის ყოფილ მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს 17 წლის გიორგი სვანიძის მკვლელობასთან?
რა აკავშირებს კულტურის ყოფილ მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს 17 წლის გიორგი სვანიძის მკვლელობასთან?

A+ A-

194

02:51 13/10/2018

“დედამიწას ზემოთ ავიტან და ცას ქვემოთ ჩამოვიტან, სანამ არ მივაღწევ სიმართლის დადგენას, სანამ არ დაისჯებიან ჩემი შვილის მკვლელები!!!”

ჩვენს ქვეყანაში უამრავი შვილმოკლული მშობელი ეძებს სამართალს. მათ არ იციან, ვინ მოკლა მათი შვილი ან იციან და მკვლელები დაუსჯელები დადიან, რადგან დამნაშავეებს ხშირ შემთხვევაში გავლენიანი ნათესავები მფარველობენ. ე.წ ,,პატრონიანი დამნაშავეების“ გამო შვილმოკლული მშობლები უთანასწორო და რთულ ბრძოლაში მაინც ებმებიან და მთელი შემართებით იბრძვიან სიმართლისთვის. ამის ნათელი მაგალითია დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, რომლის შესახებაც მთელმა ქვეყანამ მიცის, მაგრამ ათეულობით საქმე თაროზე დევს, გამწარებული მშობლები შვილის დაღუპვით გამოწვეულ სიმწარეს და უსამართლობას ერთნაირად ებრძვიან.

ერთ-ერთი ასეთი საქმე 17 წლის გიორგი სვანიძის მკვლელობის საქმეა. 17 წლის ბიჭი 2017 წელს მოკლეს. მკვლელი დღესაც თავისუფალია, რადგან გამოძიებამ ამ სასტიკ მკვლელობაში დამნაშავე პირი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ ოჯახმა იცის, რომ იგი კულტურის ყოფილი მინისტირს, მიხეილ გიორგაძის ახლობელია და მას ხელს აფარებენ.

“2020NEWS” გიორგი სვანიძის დედას, ლარისა ძოძუაშვილს ესაუბრა:

სასტიკი მკვლელობა და თავიდანვე არსებული საეჭვო გარემოებები

ჩემი შვილი 2017 ის 13 თებერვალს საღამოს, დაახლოებით 19:30 ზე, ვაგზლის მოედანზე, ავტობუსების გაჩერებაზე მოკლეს. მას შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის 3 ჭრილობა თავის უკანა ნაწილში. ერთი იღლიაში, მარცხენა მხარეს გულთან, ერთი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში და ორი ყელზე – პირდაპირ და განზე. ჩემი შვილი სისხლისგან დაიცალა და ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ საინფორმაციოდან გავიგე, თუმცა იმ მომენტში არ ვიცოდი, რომ ის ჩემი შვილი იყო. უჩვეულოდ ავფორიაქდი, თან ვურეკავდი და არ მპასუხობდა. მეუღლემ მითხრა, ნუ ფორიაქობ გიორგი კარგად იქნებაო. ღამის 2 საათზე კი ჩემი შვილის მეგობარმა მაკა ხიზანბარელმა დამირეკა და მითხრა, რომ გიორგია მოკლული, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზაშია გადატანილი და ხვალვე უპირებენ დამარხვას უპატრონოთ სასაფლაოზეო. აღარც მინდა ამ საშინელების გახსენება. მაშინვე წამოვედით ექსპერტიზის ბიუროში და ცხედარი სახლში გადმოვასვენეთ.

საზარელი მკვლელობის ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები

ჩემი ინფორმაციით, ჩემი შვილი სახლიდან შეგნებულად გაიყვანა გიორგი აკოფიანმა, რომ ენახებინა ძმები თემური და გიორგი ქაშიაშვილებისთვის. სანდო წყაროდან ვიცი, რომ ეს ნამდვილად იყო საქმის გარჩევა. საგამოძიებო მასალებში კი ყველაფერი განსხვავებულადაა. საქმის მასალებში წერია, რომ ჩემი შვილი და აკოფიანი საყაჩაღოდ წავიდნენ, თითქოს მათ სურდათ ვინმესთვის მობილურის წართმევა, რაც სრული აბსურდია, რადგან წინა კვირას ჩემმა მეუღლემ ჩემს შვილს ახალი მობილური უყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ქაშიაშვილს საერთოდ არ ჰქონდა მობილური და რანაირად წაართმევდნენ?! – ქაშიაშვილი ამის შესახებ მის ჩვენებაში წერს. ისინი ცდილობდნენ შეეთითხნათ საქმე და ჩემი მოკლული შვილისთვის ყაჩაღობის მცდელობა დაებრალებინათ.

ზეწოლა მოწმეზე და ,,მკვლელის“ დაკავების მცდელობა

გიორგი აკოფიანი პოლიციას 2 დღე ,,მოპარული“ ჰყავდა და აიძულებდნენ ეთქვა, რომ თითქოს ჩემი შვილი მან მოკლა. ეს გიორგიმ თვითონ მითხრა. პრეზერვატივებით გაუპატიურებით დაემუქრნენ და როგორც ამბობს, ცემეს კიდეც. მათ შესთავაზეს აკოფიანს, რომ თუ თავის თავზე არ აიღებდა დანაშაულს, ნებისმიერი ვინმე დაესახელებინა მკვლელად. მან კი ვინმე ნიკა კოდუა დაასახელა. პოლიციამ ნიკა დააკავა, თუმცა დამტკიცდა რომ ჩემი შვილის მკვლელობისას ნიკა კომპიუტერს თამაშობდა. შესაბამისად, კოდუა გაათავისუფლეს. აუცილებლად აღვნიშნავ, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარეს, მათ შორის კამერებიდანაც არ ამოიღეს ჩანაწერები, როცა ყველა კუთხეში ვიდეოკამერები იყო დაყენებული. საგამოძიებო პროცესში არც ძაღლი ჩაურთავთ, რომ დამნაშავის კვალზე გასულიყო.

ქაშიაშვილის დაკავება

გამომძიებელმა ნურგაზ ნათელაშვილმა მითხრა, რომ კონფიდენციალური ინფორმაციით გაიგეს, რომ ჩემი შვილის მკვლელი გიორგი ქაშიაშვილი იყო და ის დილით დააკავეს.

შვილმოკლული მშობლების დამცირება სასამართლო პროცესებზე და კულტურის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრები პროცესებზე

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია მოწმეების დაკითხვა. ესენი არიან გიორგი შუბითიძე და ბახვა ბეგლარიშვილი, რომელმაც მითხრა, რომ მკვლელები გავლენიანი ადამიანების შვილები იყვნენ. ბახვამ მითხრა, ისე დარბოდნენ პოლიცია და დეტექტივები, ეტყობოდათ შეგნებულად არ ამოიღეს ნივთმტკიცებები და ჩემი აზრით, დამნაშავე შეგნებულად 5 საათამდე ამიტომ არ დააკავეს. აქვე აღვნიშნავ – ბახვა ბეგლარიშვილი ზაზა სარალიძის აქციაზე მოვიდა და გაკვირვებულმა მკითხა, მკვლელები კიდევ არ არიან დაკავებულებიო. მანვე მითხრა, რომ მესიჯს ვწერდი, ყვირილი გავიგე ბიჭს ყელი გამოჭრესო და თქვენი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო, დამნაშავეები მაშინვე გაიქცნენ, ქალები მე მომვარდნენ რატომ არ დაიცავი შენი მეგობარიო. იმდენი თვითმხილველი იყო, ნუთუ ვინმემ რამე ვერ დაინახაო. ქალი, რომელიც ჩემ შვილს ყელზე მოეხვია, რომ სისხლდენა შეეჩერებინა, საერთოდ არ დაუკითხავთ. გიორგი შუბითიძე კი, პროკურატურის ოქროს მოწმე ამბობს, რომ ჩხუბის დროს ქაშიაშვილს დანა ხელში არ ჭერია, გიორგი სვანიძე მიწაზე დაენარცხაო. შუბითიძე მიკერძოებული და ,,დამუშავებული“ მოწმეა.

სასამართლო პროცესებზე მე და ჩემს მეუღლეს გვამცირებდნენ. საუბრობდნენ, რომ თითქოს ჩემი შვილი წყალწაღებული იყო. სასამართლო პროცესებზე ესწრებოდა მიხეილ გიორგაძეს მეუღლე, რომელიც აგრესიულად იქცეოდა. ის გიორგი ქაშიაშვილის დედის – მეგი გიორგაძის ახლო ნათესავია.

ბრალდებულის დედის მხრიდან ჩვენი მისამართით მუდმივად ხდებოდა ზეწოლა და შეურაცხყოფა. სასამართლო პროცესზე ერთმა კაცმა, რომელიც სავარაუდოდ, მიხეილ გიორგაძის ძმა არის, მიყვირა. შემდეგ, ვიღაცას დაურეკა ტელეფონზე, მიხეილი მანდ არისო? და იქვე მიაყოლა – ეს ქალი აქ გაჰკივის, დროზე იღონეთ რამეო. აშკარა იყო მათი დაინტერესება, რომ ქაშიაშვილი გარეთ გამოეყვანათ. ჩემი შვილის მკვლელობაში არა მხოლოდ გიორგი ქაშიაშვილია დამნაშავე, არამე, მისი ძმა თემურ ქაშიაშვილი და მისი სამეგობრო. ასევე ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში კულტურის ყოფილი მინისტრის მიხეილ გიორგაძის გერი, ანდრია კურცხალიაა გარეული.

უსამართლო განაჩენი და დაუღალავი მცდელობა სამართლიანობის აღსადგენად

საქალაქო სასამართლომ და მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ ჩემი შვილის 108-ე მუხლით მომხდარი მკვლელობა გაადაკვალიფიცირა 113 -ე მუხლით. 108-ე მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული არასრულწოვანი იყო, ვითომ თავს იცავდა და მუხლიც შესაბამისად შეცვალეს. ჩემი შვილის მკვლელი 3 თვეში სასამართლო პროცესიდან გაათავისულეს და 1 წლით შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. საღამოს 12-დან დილის 7-მდე უნდა იყოს სახლში. ასე იხდის სასჯელს მკვლელი. ასეთი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ჩვენ ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ ნამდვილად იყო 108-ე მუხლით მომხდარი მკვლელობა და არ შეიძლებოდა გადაკვალიფიცირებულიყო 113-ე მუხლით. სააპელაციოში 31 ივლისს სასამართლო პროცესი გადაიდო და მიზეზად დასახელდა, თითქოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ფეხი რაღაცას წამოკრა, თავის ტვინის შერყევა მიიღო და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ეს გარემოება ძალიან საეჭვოა, რადგან ეს მოსამართლე ჩემი შვილის მკვლელობის ვერსიას იზიარებდა. ვვარაუდობ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად მოხდა. მერე გადადებული სასამართლო პროცესი სექტემბერში ჩატარდა, სადაც ქაშიაშვილის ადვოკატად მოიყვანეს მამუკა ნოზაძე, რომელიც შემდგომში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და ციხეშიც იჯდა. მანამდე ნათელა ჩერქეზია იყო ჩემი შვილის მკვლელის ადვოკატი და ის შეგნებულად ჩამოშორდა ამ საქმეს.

როცა მოსამართლეთ კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა და ერთი საათით დააგვიანდა, გვეგონა, რომ გადაწყვეტილება შეცვალეს. ბრალდებულის მხარე ძალიან ნერვიულობდა. ჩემი ყურით გავიგონე, როგორ უთხრა ბრალდებულის დედას მიხეილ გიორგაძის ცოლმა, “ნუ ნერვიულებ მეგი, ნუ ნერვიულობ, მიხეილმა დარეკა და გიორგის არ დაიჭერენო. ეს სიტყვები ახლაც ჩამესმის. ასაეც მოხდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაჩენი ძალაში დატოვეს.

განაჩენი რომ გამოცხადდა, ბრალდებულის მხარემ ტაში დაუკრა და ასე გამოვიდნენ მკვლელიები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები სასამართლოს დარბაზიდან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გავასაჩივრეთ უზენაეს სასამრთლში. მოსამართლე იმედა გუგუშვილს უნდა ემსჯელა, სასამართლო კოლეგიასთან ერთად, მაგრამ საჩივრის გაგზავნიდან 6 თვის თავზე დაწერეს დასკვნა, რომ საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება და მიზეზად დაასახელეს, რომ 303-ე მუხლი არ იყო კარგად ჩამოყალიბებული. ასე დასრულდა ჩვენი, შვილმოკლული მშობლების ბრძოლა სამართლიანობისთვის საქართველოს სასამართლოებში. მითხარით, სად ვეძებო სამართალი, სად ვიპოვნო სიმართლე?! ვინ გამცემს პასუხს, ვინ და რატომ მოკლა ჩემი 17 წლის შვილი?!

რა აკავშირებს დავით სარალიძის საქმეს გიორგი სვანიძის საქმესთან?

ძალიან ჰგავს ჩემი შვილისა და სარალიძის მკვლელობის საქმე ერთმანეთს. განსხვავება ის არის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორი მსხვერპლია. ასევე ადამიანები, რომლებიც სარალიძის საქმეს იძიებდნენ, სწორედ იგივე გამომძიებლები და მოსამართლეები ფიგურირებენ ჩემი შვილის საქმეში, დიდუბე-ჩუღურეთის გამომძიებელის, ნუგზარ ნათელაშვილის გარდა. ჩემი შვილის საქმის ზედამხედველი პროკურირიც ზვიად ფხაკაძეა. ერთხელ, კონკრეტული კითხვით მივმართე ზვიად ფხაკაძეს და ირონიულად მითხრა, ეტყობა ქუთაისში ვიღაცასთან გაიარე კონსულტაცია და ახლა ვითომ იურიდიულად მელაპრაკებიო. არადა, 16 წელი არასრუწლოვნების გამომძიებელი ვიყავი.

შვილმკვდარ მშობლებს სუსი დღემდე უთვალთვალებს

მე და ჩემს მეუღლეს დღემდე გვითვალთვალებენ სუსის წარმომადგენლები. არ ვიცი, რისი გაგება უნდათ. შვილმოკლული მშობლები რომ საკუთარი შვილის მკვლელობას არავის შეარჩენენ, ამაში ეჭვი ეპარებათ?!

დედამიწას ზემოთ ავიტან და ცას ქვემოთ ჩამოვიტან, სანამ არ მივაღწევ სიმართლის დადგენას, სანამ არ დაისჯებიან ჩემი 17 წლის შვილის მკვლელები!!!