იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარმოადგინოს კრიტერიუმების შესაბამისი მოსამართლეთა სია - მამუკა მდინარაძე
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარმოადგინოს კრიტერიუმების შესაბამისი მოსამართლეთა  სია - მამუკა მდინარაძე

A+ A-

15:08 12/01/2019

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარმოადგინოს მოსამართლეთა ისეთი სია, რომელიც ახალი კრიტერიუმების შესაბამისი იქნება.

"ორგანული კანონის დონეზე გაიწერება კონკრეტული კრიტერიუმები, რომელსაც უნდა მოერგონ შემდგომში მოსამართლეობის კანდიდატები. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარმოადგინოს ისეთი სია, რომელიც ამ კრიტერიუმების შესაბამისი იქნება. ამაში ბუნებრივია, ჩართული უნდა იყვნენ მოსამართლეთა კორპუსიდან იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, როდესაც კანონსა და და კრიტერიუმებზეა საუბარი – საქართველოს პარლამენტი. საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ინტერესიც იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას არ შეექმნას საფრთხე, გაძლიერდეს და გაცილებით მაღალი იყოს და ამას უზრუნველყოფს კრიტერიუმების დადგენა“, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით არსებობს კონსესუსი, აქედან გამომდინარე შეთანხმება მარტივად მისაღწევი იქნება.

"იქნება მსჯელობა, რომ პროცედურები და შესაბამისი კრიტერიუმები იყოს რელევანტური, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულება. გუნდში რაზეც პრაქტიკულად კონსენსუსი არსებობს, ეს არის თვითონ პროცესი, რომ კრიტერიუმები უნდა დადგინდეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, შედარებით მარტივად მივაღწევთ შეთანხმებას და შემდეგ გადავალთ როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვით, პერსონებზე საუბარზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.