მილიონერი ცოლის უპოვარი მინისტრი ქმარი - რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია?
მილიონერი ცოლის უპოვარი მინისტრი ქმარი - რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია?

A+ A-

×

17:17 16/01/2019

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმ მაღალჩინოსანთა შორისაა, რომლის შთამბეჭდავი ქონებაც ოჯახის წევრებზეა გაფორმებული.  ნომერ პირველი ჯარისკაცი ლევან იზორია, მილიონერი ცოლის უპოვარი ქმარია.  მის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის სახელზე არ ფიქსირდება არანაირი ქონება - არც უძრავი და არც მოძრავი. სამაგიეროდ, იმავე დეკლარაციაში ასახულია, რომ მისი მეუღლე ლანა მანჯგალაძე არც მეტი არც ნაკლები - მილიონერია, თუმცა ერთი რიგითი სპეციალისტია და მისი ყოველწლიური ანაზღაურება  30 000 ლარამდე შემოსავალია, რომელსაც იგი  ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სპეციალსტად მუშაობისას იღებს.

როგორც თავდაცვის მინისტრის დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც მან 2018 წლის 28 დეკემბერს შეავსო, მისი მეუღლე ლანა მანჯგალაძე ფლობს ორ საცხოვრებელ სახლს და ორ  მიწის ნაკვეთს  დიღომში,  პრესტიჟულ დასახლებაში. აქედან ერთ-ერთი - 386 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი იზორიების ოჯახს 2018 წელს 390 000 ლარად აქვს შეძენილი და ის ლანა მანჯგალაძის სახელზეა რეგისტრირებული. 2015 წელს კი - 320 000 ლარად აქვს შეძენილი 414კვ. საცხოვრებელი სახლი ასევე დიღომში. ლანა მანჯგალაძეს  2016 წელს 76 000 დოლარად აქვს შეძენილ 700 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, ხოლო 2012 წელს 600 კვადრატულ  მეტრ  ფართობის მიწის ნაკვეთში 54 000 დოლარი აქვს გადახდილი.

ლევან იზორიას მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 1 440,08 ლარი ჰქონდა.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრის მეუღლის შემოსავალმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობისას, 2017 წლის განმავლობაში, 27 640,07 ლარი შეადგინა. იმავე დეკლარაციაში ლანა მანჯგალაძის სახელზე რეგისტრირებულია  84 000 დოლარის იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც, მისმა გასავალმა 31 808,92 დოლარი შეადგინა; ასევე ჰქონდა 16 300 დოლარის სესხიც, რომლის გასავალმაც წლიურად 6 399,6 დოლარი შეადგინა.

იზორიების ოჯახს ბინის გაქირავებით წლიური შემოსავალი 39 000 დოლარი მიუღია. ხოლო ნათესავს, რომელზეც იზორიებს თანხა ჰქონდათ  გასესხებული, გასულ წელს ნასესხები 6000 დოლარი დაუბრუნებია.

თავად ლევან იზორიას, რომელიც მისივე დეკლარაციის მიხედვით, არც მოძრავი და არც უძრავი ქონების მფლობელი არ არის, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 3 250,78 ლარი და ასევე 45 000 დოლარის იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც, მისმა წლიურმა გასავალმა შეადგინა 6 517,92 ლარი.  ასევე, მისმა წლიურმა გასავალმა ქონების გადასახადის სახით 1 713,67 ლარი შეადგინა.

ლევან იზორია 2016 წლიდან არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამ პოზიციაზე მუშაობისას მისმა შემოსავალმა 106 120,63 ლარი შეადგინა;  2012–2015 წლებში იზორია საქართველოს შსს-ს მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2015 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას მან დააგროვა 81494,87 ლარი, ასევე იზორიამ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობისას 7 200 ლარი დააგროვა.

ლევან იზორიას ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთის, კიტა იზორიას  სწავლის წლიურმა გადასახადმა ორ დაწესებულებაში შეადგინა  6 600 ლარი, რაც ასახულია მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ლევან იზორიას ქონებრივი მდგომარეობა 2018 წლის 28 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მცირედით განსხვავდება 2017 წლის 18 დეკემბერს შევსებული დეკლარაციისგან.