რით ემუქრებიან "პოლიტიკურად პატარები" ეკა ბესელიას და რა წერია მის ქონებრივ დეკლარაციაში?
რით ემუქრებიან "პოლიტიკურად პატარები" ეკა ბესელიას და რა წერია მის ქონებრივ დეკლარაციაში?

A+ A-

2521

18:25 19/01/2019

ეკა ბესელიას, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუნდი პოლიტიკური დაისით ემუქრება. "პოლიტიკურად პატარებს" მასთან მაღალ ტონალობაში საუბარს არ ურჩევს თავად ბესელია, რომელმაც პარლამენტის წამყვანი კომიტეტის, იურუდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობა კი დათმო, მაგრამ უმრავლესობის დატოვებას ჯერ არ ჩქარობს. "პოლიტიკურად პატარებთან" პოზიციების გაყოფა-გარკვევის პარალელურად, ბესელია საკუთარი საპარლამენტო გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს და შესაბამის კონსულტაციებსაც მართავს. პარალელურად, არც "პოლიტიკურად პატარები" კარგავენ დროს და მათთან დაახლოებული ანალიტიკოსების თუ მედია-საშუალებების გამოყენებით, ბესელიას კორუმპირებულობაზე საუბრობენ. როგორც კულუარებში ამბობენ, თუ ბესელია "შორს წავა", მისი კორუმპირებულობის შესახებ ქეისები შესაბამისი უწყებებიდან ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდება!

"2020NEWS" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფავორიტი და გამოიყენა თუ არა ხელისუფლებაში ყოფნა ეკა ბესელიამ  პირადი კეთილდღეობის მოსაწყობად.

ბესელიას ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. დეპუტატი ფლობს 175 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომელიც 2006 წელს 80 000 დოლარად აქვს შეძენილი. ასევე, მის მფლობელობაშია 80 კვ. მეტრის ბინა თბილისში, რომელიც 2 500 ლარად აქვს შეძენილი 2000 წელს. მის მფლობელობაშია კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართი თბილისში - 150 კვ.მეტრის ბინა, გამრეკელის #19-ში, რომელიც მას 2004 წელს 46 500 დოლარად შეუძენია.

ბესელიას დეკლარაციის შევსების დროს საბანკო ანგარიშებზე 16 500 და 10 000 ლარი ჰქონდა. ნაღდი ფულადი თანხის სახით კი  - 7 000 დოლარი.

დეპუტატმა წლიური შემოსავლის სახით, 2017 წელს პარლამენტის წევრობისას 66 465 ლარი მიიღო, ხოლო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობისას 22 000 ლარი.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მისი შვილი, რატი მილორავა შპს "იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრის“ 60%-იან წილს ფლობს, ეკა ბესელიას დასთან - ცირა ბესელიასთან ერთად და აქედან  მისმა წლიურმა შემოსავალმა 4 000 ლარი შეადგინა.

ეკა ბესელია არ ფლობს არც ფასიან ქაღალდებს და არც ძვირადღირებულ ნივთებს და რაც ყველაზე საგულისხმოა, მის დეკლარაციაში არაფერი წერია 2012 წლის შემდეგ შეძენილი ქონების შესახებ. ანუ მას შემდეგ, რაც ბესელია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა იმ მაღალჩინოსნების სასახლეებისა და ქონების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შთამბეჭდავი ქონება დააგროვა. მათ შორისაა ეკა ბესელიაც - მცხეთაში, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული სამსართულიანი სახლით, რომელიც ბესელიას დედის საკუთრებაშია და რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის.

მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი სახლი, რომელიც 764 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზეა აშენებული, მისი დედის, გულიზარ ორაგველიძის სახელზეა რეგისტრირებული. სახლს აქვს დიდი ვერანდები და  და ერთი დამატებითი მანსარდული სართული. ქონება 2017 წლის 31 ივლისს არის შეძენილი.

პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დედის სახელზე ქონების გადაფორმებიდან ექვს თვეში შეავსო ქონებრივი დეკლარაცია და ეს სახლი მის დეკლარაციაში არ მოხვდა. არსებობს ვარაუდი, რომ ბესელიამ ქონება დამალა. ამის საფუძვლად კი, მედია და არასამთავრობო სექტორი იმ გარემოებას ასახელებენ, რომ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე 2012 წლიდან 2016 წლამდე ყველა შევსებულ დეკლარაციაში დედას ოჯახის წევრად უთითებდა. 2017 წლის 27 დეკემბერს შევსებული დეკლარაციიდან კი დედა, გულიზარ ორაგველიძე შვილის დეკლარაციიდან გაქრა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ოპონენტები ბესელიას ხშირად ახსენებენ ფოთის რაიონის მაჟორიტარობის პერიოდს და იმ ბიზნეს-ინტერესებს, რომელიც მას ფოთში ჰქონდა, თუმცა, კონკრეტული ქეისი, რაც ეკა ბესელიას ბიზნეს-ინტერესებს დაადასტურებდა, მათ ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.