ორსულების წითელაზე აცრა დაუშვებელია - ამირან გამყრელიძე ქალბატონებს აფრთხილებს
ორსულების წითელაზე აცრა დაუშვებელია - ამირან გამყრელიძე ქალბატონებს აფრთხილებს

A+ A-

18:11 26/01/2019

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორსულთათვის წითელას ინფექციაზე ვაქცინაცია დაუშვებელია.

"მოგეხსენებათ, ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მასობრივი ვაქცინაციაა. ბოლო მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში დამატებითი 22 ათასი ადამიანი აიცრა, რაც ძალიან კარგია. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ მასობრივ ვაქცინაციას, მაშინ დარწმუნებული ვარ, წითელას ეპიდაფეთქებას მალე შევაკეთებთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა განაცხადება გავაკეთო, რადგან შემოდის კითხვები სამედიცინო დაწესებულებებში ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, არ შეიძლება ორსული ქალების წითელას საწინააღმდეგო აცრა. იმის გამო, რომ მიმდინარეობს გრიპის საწინააღმდეგო აცრები და ორსულები ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები უნდა აიცრან. ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებსა და ამცრელ კაბინეტებს 100-მა ორსულმა მიმართა, რაც კარგია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წითელას 716 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

მისი თქმით, სტატისტიკა მზარდია.