ვინ და რატომ აჩუქა ძვირადღირებული ქონება წყნეთში და ფლობს თუ არა ვილას ბადენ ბადენში ირაკლი კობახიძე?
ვინ და რატომ აჩუქა ძვირადღირებული ქონება წყნეთში და ფლობს თუ არა ვილას ბადენ ბადენში ირაკლი კობახიძე?

A+ A-

×

12:09 28/01/2019

ქართულ პოლიტიკაში ამ ბოლო დროს, ძალიან ტრენდული გახდა პოლიტიკოსებზე ქონების ჩუქება, ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებისა და ინკოგნიტო პერსონების მხრიდან. პოლიტიკურ მოდას, როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მიყვება. ბევრი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაციის მსგავსად, მის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაშიც წერია, რომ წყნეთში ბინაც აჩუქეს, მიწის ნაკვეთიც და ავტოფარეხიც. დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს 2016 წელს საჩუქრად გადაეცა წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 157,8 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა და იმავე მისამართზე არსებული 20 კვ.მ ავტოსადგომი. იმავე დეკლარაციის მიხედვით, 2014 წელს საჩურად მიღებული აქვს ასევე წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 2270 კვ.მ მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი, რომელიც მის წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში რატომღაც ასახული არ არის. ისევე, როგორც არ არის დაკონკრეტებული, ვინ დაასაჩუქრა პარლამენტის თავმჯდომარე საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქრით. სხვა უძრავი ქონება კობახიძეების ოჯახის სახელზე რეგისტრირებული არ არის. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, კობახიძის საკუთრებაშია ორი მსუბუქი ავტომანქანა, 2015 წელს 12 500 დოლარად შეძენილი "VW Tiguan“ და 2014 წელს 8000 დოლარად შეძენილი "Nissan Tiida“.

დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 2 959.26 ლარი ჰქონდა, ხოლო ანაბრის სახით - 65 353 დოლარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან მას ხელფასის სახით 80 865 ლარი მიუღია, ხოლო თსუ-ს ასოცირებული პროფესორის თანამდებობიდან 17 400 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამავე უნივერსიტეტში მისმა ცოლმა ნატალია მოწონელიძემ 11 712 ლარი გამოიმუშავა, შსს აკადემიაში კი - 30 372 ლარი.

ირაკლი კობახიძეს სხვა ქონების შესახებ დეკლარაციაში მითითებული არაფერი აქვს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო  presa.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია (მათ შორის ფოტოები) იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ფლობს ძვირადღირებულ ვილას გერმანიაში, კერძოდ, მილიარდერების კურორტ ბადენ ბადენში. ერთ-ერთი ვერსიით, პარლამენტის თავმჯდომარეს ძვირადღირებული ვილა ბადენ ბადენში ბიძინა ივანიშვილმა უყიდა და აჩუქა. როგორც გამოცემა წერს, კობახიძეს მალე თანამდებობიდან გადაყენებენ და ამ ძვირადღირებული საჩუქრით ივანიშვილმა კობახიძის შესაძლო პროტესტი და სამომავლო ერთგულება დააზღვია.

presa.ge-ს ინფორმაციით, ბადენ ბადენის ვილა 3, 150 მილიონი ევრო ღირს. ის არის 5 ოთახიანი ვილა, 250 კვადრატული მეტრია და აქვს სამი სააბაზანო ოთახი. ბადენ ბადენი მსოფლიოში ცნობილი კურორტი და მილიარდერების საყვარელი ადგილია. კურორტი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და იქ მოხვედრა შტუტგარდიდან 55 წუთში, ფრანკფურტიდან კი, 80 წუთშია შესაძლებელი. ბადენ-ბადენი პოპულარული თერმული წყაროების გამო გახდა. კურორტზე 20 ცნობილი წყაროა, რომლის ტემპერატურაც 58-68 გრადუსს შეადგენს და რომელიც 1200-1800 მეტრის სიღრმიდან მოედინება.

  

კობახიძის გარემოცვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ბადენ ბადენში ვილის შეძენის ფაქტს უარყოფს. მათი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ქონების შესახებ მონაცემები საჯაროა და ყველაფერი მის ქონებრივ დეკლარაციაშია ასახული. მაგრამ კობახიძის დეკლარაციაში ყველაფერი არ წერია. მაგალითად, 2016 წლის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს მან "ქართულ ოცნებას" 50 ათასი ლარი შესწირა, შემომწირველთა სიაში კი კობახიძის გვარი ნამდვილად ფიქსირდება. 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის თანახმადაც, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია, პროაქტიულად შეამოწმოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისწორე და სისრულე, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირს ეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. რამდენად შეამოწმებენ იმ ინფორმაციას, რომ კობახიძეს ბადენ ბადენში ახალი შენაძენი აქვს უცნობია, თუმცა ის კი ფაქტია, რომ კობახიძეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს გერმანიასთან.

ირაკლი კობახიძე 1995-2000 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ 2002-2005 წლებში დიუსელდორფის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და სამართლის მაგისტრი გახდა, ხოლო 2002-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. 2006 წელს მან დიუსელდორფის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტიკური პარტიების სამართლის თემაზე და მიენიჭა სამართლის დოქტორის (Dრ. იურ.) აკადემიური ხარისხი.