"დიდი ალბათობით და საუბედუროდ, საქართველოს ეკლესია რუსულ ეკლესიასთან ერთად, იზოლაციაში აღმოჩნდება"
"დიდი ალბათობით და საუბედუროდ, საქართველოს ეკლესია რუსულ ეკლესიასთან ერთად, იზოლაციაში აღმოჩნდება"

A+ A-

×

17:13 30/01/2019

ინტერვიუ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან

მართლმადიდებლურ სამყაროში მომხდარი მთავარი მოვლენის, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ პირველად, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოს დედაეკლესიის  გავლენიან სასულიერო პირებს შეხვდნენ.

აუდიენციის მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ უკრაინა და ქართული ეკლესიის მხრიდან ამ დრომდე ავტოკეფალიის არაღიარების საკითხი იყო.  

"2020NEWS" დაინტერესდა, რამდენად იქონიებს ეს შეხვედრა გავლენას საპატრიარქოს შემდეგ პოზიციაზე და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს დედაეკლესია არაღიარების შემთხვევაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით "2020NEWS" თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ საქართველოს საპატრიარქოში კონსტანტინეპოლის მღვდელმსახურებისა და ქართველი სასულიერო პირების შეხვედრის საკითხს და როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს დღევანდელი აუდიენცია ქართული საპატრიარქოს პოზიციაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე?

- უკვე ზედაპირზეა და თვალშისაცემია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია ცდილობს დროში გაწელოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პროცესი და რუსულ ნარატივს მიემხროს. სწორედ იმ იმპერიალისტულ ზრახვებს, რომლებიც  მავანს რეგიონში ამოძრავებს.

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს ეკლესიიის პოზიცია ძალიან ბუნდოვანია, არაერთსახოვანი, დაბნეული და შეიძლება ითქვას, რომ უბადრუკი. იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ შეუძლიათ გაითვალისწინონ კანონიკური ნორმები, ისტორიული საფუძვლები და თუნდაც მორალური ფაქტორები.

საქართველოს ეკლესიაში  რუსეთის სპეცსამსახურებს ფესვი აქვთ გადგმული და უნდა აღინიშნოს, რომ  დე ფაქტოდ საქართველოს ეკლესია არის  რუსეთის ეკლესიის საეგზარქოსო.

მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ შეხვედრის მიმართ, რადგან  საპატრიარქოს პრეს-მდივანმა გუშინ საღამოსვე აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის წინარე განცხადება არ გადაიხედება.  შესაბამისად, სტატუს კვო არ შეიცვლება. ეს ნიშნავს, რომ შეხვედრას არანაირი აზრი არ აქვს და ვერც ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.  რა თქმა უნდა, პროტოკოლის მიხედვით, ისინი გარკვეულ დიპლომატიურ უნარ-ჩვევებს გამოავლენენ და იტყვიან, რომ ჩვენ  დავფიქრდებით, მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევაში, ეს პროცესზე არ აისახება.

საქართველოს ეკლესიაში წმინდა სინოდი თავის სიმაღლეზე არ დგას.  რეალურად ვხედავთ, რომ ცალკეული ჯგუფი, რომელიც გაბატონებული არის  ადმინისტრაციაში, მოქმედებს თვითნებურად  და გარკვეულ კონიუქტურას ქმნის, რაც ძალიან სამწუხაროა.

- როგორ ფიქრობთ, თუკი ქართული სამოციქულო ეკლესია კანონიკური ნორმების თანახმად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს დროში გაწელავს და კვლავ დუმილს ამჯობინებს,  როგორ განვითარდება ეს პროცესები და რა  გამოწვევების წინაშე დადგება საქართველო?

- წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ დუმილით გაიცემა ღმერთი. დუმილი მაშინ როდესაც, საკუთარი ღირსების, ისტორიული სიმართლის და კანონიკური ნორმების წარმოჩინებაა საჭირო - არის დანაშაული. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიის პოზიცია არის მაქსიმალურად  გადაავადონ დროში გადაწყვეტილების მიღება.

საპატრიარქოს მოსაზრება, რომ  სხვას უნდა დაელოდონ  და  შემდეგ აღიარონ, არის ძალზედ სამარცხვინო. ეს ყოველივე აბსოლუტურად რუსულ ხასიათს ატარებს, რადგან სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის დაგვიანებით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

სხვა  ეკლესიები სლავური ორბიტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც რუსეთის ეკლესიასთან უნისონში არიან. კერძოდ, პოლონეთი და სერბეთი. ბულგარეთმა უკვე აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რჩება საქართველო, რომელიც რუსეთის ორბიტას გაყვება.

საბოლოო ჯამში, პროცესები წარიმართება ისე, რომ რუსეთის ეკლესია მოექცევა იზოლაციაში საკუთარ სატელიტ  მოკავშირეებთან ერთად. დიდი ალბათობით და საუბედუროდ, საქართველოს ეკლესიას  შესაძლოა ამ გემბაზე აღმოჩნდეს.

თუკი ეს საკითხი საქართველოში ჯანსაღად და ობიექტურად  არ გაიაზრდა წმინდა სინოდმა, ამას შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ისე ეკლესიითვის, რადგან  საქართველოს ეკლესია სრულ იზოლაციაში  და ჩაკეტილობაში მოექცევა.

ეს ყოველივე  მოძმე ეკლესიებთან  ხიდჩატეხილობას გამოიწვევს.