რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე ?
რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე ?

A+ A-

4620

16:50 05/02/2019

ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლები, ფერწერული ტილოები, წილები კომპანიებში, მაღალანაზღაურებადი სამსახური, საცხოვრებელი სახლის ძვირადღირებული ინვენტარი - ეს ყველაფერი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის.

როგორც მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მდინარაძეს უყვარს კომფორტი და ძვირადღურებული ნივთები, რაშიც ფულს დაუნანებლად იხდის. თუმცა აქვს ისეთი ძვირადღირებული ნივთებიც, რომელიც ინკოგნიტო პირებმა აჩუქეს.

მამუკა მდინარაძის მიერ 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში წერია:

მამუკა მდინარაძემ 2018 წელს 130000 ლარად შეიძინა 175,8 კვ.მ ბინა თბილისში, დიღომში. მისი მეუღლე ნათია კუნჭულია კი ფლობს 119,23 კვ.მ ბინას სულხან ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც მდინარაძეებს 2007 წელს 170 000 ლარად შეუძენიათ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მამუკა მდინარაძეს მითითებული ჰქონდა ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც ახალ დეკლარაციის მიხედვით 168000 ლარად გაყიდა.

 

მდინარაძეები ფლობენ ლადო გუდიაშვილის ერთ ფერწერულ ტილოს, რომელიც 16 000 ლარადაა შეფასებული. მათ მფლობელობაშია, ასევე ეკატერინე ბაღდავაძის 3 ფერწერული ნამუშევარი, რომელებიც შეფასებულია  15 000, 12 000 და 8 000 დოლარად. აღნიშნული ფერწერული ტილოები მამუკა მდინარაძემ 2010-2014 წლებში შეიძინა. ასევე, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მამუკა მდინარაძემ მეგობრისგან საჩუქრად 1000 და 1500 ლარად შეფასებული ორი ფერწერული ტილო მიიღო, თუმცა ახალ დეკლარაციაში ამ ფერწერული ტილოების არსებობის შესახებ აღარაფერი წერია.

მდინარაძეს 2010 წელს მეგობარმა საჩუქრად გადასცა "ომეგას“ ფირმის საათი, რომლის ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს. 

მის დეკლარაციაში ასევე წერია, რომ მამუკა მდინარაძე რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია. 2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს წილს შპს "მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრი - საქართველოში". ასევე, უნდა აღინიშნოს რომ მდინარაძე ფლობს შპს“მარიამ ხაჭაპურიძისა და მამუკა მდინარაძის იურიდიული ფირმის“ 50%-ს; შპს მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილის და შალვა მშვილდაძის კომპანიის 75%-ს. 

მამუკა მდინარაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობიდან ხელფასის სახით 66 906,25 ლარი მიუღია,  მისი ოჯახის გასავალმა კი 145 347.20 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში მდინარაძეს ანგარიშზე 4 449.90 ლარი ჰქონდა, ხოლო დანაზოგის სახით - 17 ათასი ლარი.

მდინარაძეების ოჯახმა 2017 წელს საცხოვრებელი სახლის ინვენტარის შეძენისათვის 4760 ლარი გადაიხადა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2017 წელს მას ძვირადღირებული მობილური ტელეფონი შეუძენია 2014,93 ლარად, ხოლო მის მეუღლეს 2018 წელს მობილურ ტელეფონში 3255 ლარი გადაუხდია.

მდინარაძე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე 2016 წელს გახდა. პარლამენტამდე მისი საქმიანობა კი მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას და საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება და არანაირი პოლიტიკური ბიოგრაფია მას 2016 წლამდე არ ჰქონდა. 

მან 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, 2014 წელს კი - სტუ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტურა; 2014 წლიდან იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე; 2014 წელს იყო იურიდიული კომპანია "ლიგალ კონსალტინგ გრუპის“ ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი; ასევე 2014 წლიდან იყო "საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის" პრეზიდენტი; 2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.