ილიაუნის რექტორი დაწყებული რეორგანიზაციის შეჩერებას არ აპირებს
ილიაუნის რექტორი დაწყებული რეორგანიზაციის შეჩერებას არ აპირებს

A+ A-

13:21 05/02/2019

ილიაუნის ბიზნეს სკოლიდან გათავისუფლებული დეკანის, გიორგი ქადაგიძის და ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის გიორგი პაპავას მოთხოვნას, შეჩერდეს უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა არასერიოზული უწოდა.

გიგა ზედანიას თქმით, გიორგი ქადაგიძე და გიორგი პაპავა რჩებიან ილიაუნის პროფესორებად, თუმცა რეორგანიზაცია აუცილებლად გაგრძელდება. ზედანია ილიაუნში მიმდინარე რეფორმებში ჩართვას ყველა მხარეს მოუწოდებს.

"ჩვენ მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდება იმ რეფორმის შედეგად შექმნილი სტრუქტურა, რომელიც უკვე დაფუძნდა უნივერსიტეტში. როცა რეორგანიზაცია ხდება, ყველა არჩევითი პოზიცია, იქნება ეს დეკანის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, თუ კოლეგიალურ ორგანოებში წარმომადგენლების, ავტომატურად ჩერდება. როგორც ბატონი გიორგი ქადაგიძე, ისე ბატონი გიორგი პაპავა, რჩებიან ილიაუნის პროფესორებად და ყველაფერ დანარჩენზე ცხადია, რომ შეგვიძლია როგორც შიდა, ისე გარე დისკუსია. მანდ პრობლემას ვერ ვხედავ,“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სასწავლებლის რექტორმა გიგა ზედანიამ 30 იანვარს დეკანობიდან გაათავისუფლა და ამის შესახებ მას ელექტრონული ფოსტით აცნობა. გიორგი ქადაგიძის შემდეგ, ილიაუნიდან გაათავისუფლეს გიორგი პაპავაც. პაპავას განცხადებით, ის თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ქადაგიძის იდეების მომხრე იყო.