ცვლილებების დროა! ნამდვილი ცვლილებები ჩვენი ეზოდან იწყება - გიორგი ქადაგიძე
ცვლილებების დროა! ნამდვილი ცვლილებები ჩვენი ეზოდან იწყება - გიორგი ქადაგიძე

A+ A-

17:33 06/02/2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობას ისე ენიჭება უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, რომ მათი ცოდნა ახლოსაც არ არის იმ გამოწვევებთან, რასაც თანამედროვე მსოფლიო ითხოვს.

"ყოველ წელს 40 ათასი აბიტურიენტი გადის ეროვნულ გამოცდებზე. აქედან 27 ათასი აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში, მათგან 70% - სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. 4 წლის თავზე ამ ახალგაზრდების აბსოლუტურ უმეტესობას ისე ენიჭება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაცია, რომ არც მათი უნარები და არც მათი ცოდნა, ახლოსაც არ არის იმ გამოწვევებთან, რასაც თანამედროვე მსოფლიო ითხოვს. ეს ყველაფერი გრძელდება უკვე მრავალი წელია და ის ადამიანები, ვინც ამაზე პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი, ვინც ამაში ამავე სტუდენტებისგან გადახდილი ფულით იღებს ხელფასს, ვისაც მენეჯმენტი სალანძღავი სიტყვა ჰგონია, მე მეუბნება - როგორ გაბედე პრობლემებზე საუბარი, როგორ გაბედე ჩვენი კომფორტის დარღვევაო. არ გამოვა ეგრე მეგობრებო, ნამდვილი ცვლილებები ჩვენი ეზოდან იწყება და როგორც ცნობილი ამერიკული სლოგანი გვეუბნება, ცვლილებების დროა!" - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გიორგი ქადაგიძე.

შეგახსენებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სასწავლებლის რექტორმა გიგა ზედანიამ 30 იანვარს დეკანობიდან გაათავისუფლა და ამის შესახებ მას ელექტრონული ფოსტით აცნობა. გიორგი ქადაგიძის შემდეგ, ილიაუნიდან გაათავისუფლეს გიორგი პაპავაც. პაპავას განცხადებით, ის თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ქადაგიძის იდეების მომხრე იყო. გიგა ზედანიას განცხადებით, ორივე მათგანი ილიაუნში პროფესორად მუშაობას აგრძელებენ, თანამდებობიდან გათავისუფლება კი სასწავლებელში მიმდინარე რეფორმებს უკავშირდება.