სკოლების რეაბილიტაციას და ახალი სკოლების მშენებლობას თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება - ბატიაშვილი
სკოლების რეაბილიტაციას და ახალი სკოლების მშენებლობას თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება - ბატიაშვილი

A+ A-

13:38 07/02/2019

"თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ახალი სკოლების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და ტენდენცია გრძელდება, რათა მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები.

"რეფორმის ფარგლებში სკოლებში ინფრასტრუქტული პრობლემებლის მოგვარების მიზნით, განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა სისტემური მიდგომა, სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა", - აცხადებს ბატიაშვილი.

მინისტრის თქმით, 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით, 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება. კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს.

მინისტრის განცხადებით, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA), 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთის N1, ქ. თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით, 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება. ბატიაშილის ინფორმაციით, განათლების რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე - 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.

ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს მიექცევა.

"წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის N7, სოფელ მუხურას, მარნეულის N1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, წალენჯიხის სოფელ ეწერის, თბილისის N2, ხაშურის სოფელ ფლევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების“, - აცხადებს ბატიაშვილი.

მინისტრის თქმით, 2019 წელს დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.