არ არსებობს არც ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც ბავშვები სკოლას გამოცდების გარეშე ამთავრებენ - დიმიტრი შაშკინი
არ არსებობს არც ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც ბავშვები სკოლას გამოცდების გარეშე ამთავრებენ - დიმიტრი შაშკინი

A+ A-

677

17:05 07/02/2019

განათლების მინისტრისგან მხოლოდ სადღეგრძელოები მოვისმინეთ, თუ როგორ  უნდა შევქმნათ ძლიერი განათლების სისტემა, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგება, სადღეგრძელო და რეალობა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ასე აფასებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი  მიხეილ ბატიაშვილის პარლამენტში გამოსვლას.

შაშკინის თქმით მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ისეთ კონცეფციაზე გააკეთა არჩევანი, რომელიც ქვეყანას დაღუპავს.

- მინისტრის გამოსვლიდან მხოლოდ  სადღეგრძელოები მოვისმინეთ, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი. მე ამას რეფორმას ვერ დავარქმევ. გავიგე, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი, თუმცა საატესტატო გამოცდები მოხსნა. ეს ერთმანეთს როგორ უკავშირდება, ჩემთვის გაუგებარია. როდესაც საუბრობ, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი და ცენტრალიზებულ გამოცდას ხსნი, ეს ერთმანეთს რაღაცნაირად ვერ უკავშირდება, იმიტომ რომ ანადგურებ მექანიზმს,  ამ დროისთვის ერთადერთს, რომლითაც შეგიძლია, ზეგავლენა მოახდინო შეფასებაზე იმ ცოდნისა, რომელსაც ბავშვი სკოლაში იღებს. გავიგეთ, რომ აპირებენ მასწავლებლების გამოცდების აღდგენას, რა ფორმით  და როგორ, ამაზე არაფერი არ თქვა. დაგვპირდნენ, რომ მაისისთვის რაღაცას კიდევ გვეტყვიან დამატებით. უმაღლეს განათლებაზე წავიკითხე, რომ ბაკალავრი იქნება სამწლიანი და მაგისტრატურა ერთწლიანი.

 - ეს ყველაფერი იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში განათლების სისტემა გაძლიერდეს?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს ნგრევა განათლების სისტემის, რომელიც  გრძელდება ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რადგან ახლა ამ წუთისთვის ჩვენი შვილები, რომლებიც საქართველოში საჯარო სკოლებში დადიან და არა კერძო წამყვან სკოლებში, ვერ უწევენ კონკურენციას თავის თანატოლებს, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ. 21-ე საუკუნე გლობალიზაციის საუკუნეა. ჩვენი ბავშვები ერთმანეთს კი არ ეჯიბრებიან, ჩვენი ბავშვების კონკურენტები ახლა არიან, ჩინელები, ამერიკელები,  ფრანგები, გერმანელები და ასე შემდეგ. ამ წუთისთვის იმ უაზრო მავნებლური, დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, რომელიც  სისტემაში ხორციელდება, შვიდი წლის განმავლობაში, ქართველი ბავშვები ამ კონკურენციას გაეთიშებიან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი კვლავ იყვნენ კონკურენტები საერთაშორისო ასპარეზზე. არადა განათლების სამინისტროს მხრიდან  ჩვენ გვესმის მხოლოდ სადღეგრძელოები და როდესაც საქმე საქმეზე მიდის, სადღეგრძელო და რეალური საქმე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

- ყველაზე  უარყოფითად ამ რეფორმაში რომელ გადაწყვეტილებას  აფასებთ?

- საატესტატო გამოცდების გაუქმება არის უდიდესი შეცდომა, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება სკოლებს. უნარების გამოცდის ნებაყოფლობითზე გადაყვანა, უდიდესი შეცდომაა, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება სახელმწიფოს. ხუთი წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ანგრევდა მასწავლებლების სასერთიფიკატო სისტემას, რომელიც გააუქმა და შექმნა აბსოლუტურად უაზრო სქემა, კვალიფიკაციის ამაღლების, რომელმაც არ იმუშავა, რაზეც დაიხარჯა ძალიან დიდი ფული. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დაიხარჯა 170 მილიონი ლარი. ახლა ყველა მასწავლებელმა თავის თავს ჰკითხოს, რამე გაკეთდა ამ შვიდ წელიწადში მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის?

- პოსტსაბჭოთა ქვეყნების  განათლების სისტემა როგორ განვითარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? შეიძლება, მათგან მაგალითი ავიღოთ?

- არ აქვს მნიშვნელობა პოსტსაბჭოთა იქნება თუ არა. არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც ბავშვები სკოლას გამოცდების გარეშე ამთავრებდნენ.  ამ ნათქვამზე შემიძლია, პასუხი ვაგო.

- საქართველოში განათლების ასეთ რეფორმაზე რატომ გააკეთეს არჩევანი?

- რეფორმაზე, რომელზეც ახლა ბატიაშვილი საუბრობს, მომისმენია ხალხისგან, რომლებიც ახლა ამ ბენჯს აწვდის ბატიაშვილს. მე ეს მომისმენია და გამივლია 2009 წელს. ეს არის კონცეფცია მსოფლიოში, რომელსაც თავისი აპოლოგები ჰყავს და ცდილობენ, მის განვითარებას. მათი მტკიცებით, ბავშვს არ უნდა ჰქონდეს არც გამოცდა  და ვისაც უნდა, იმან ისწავლოს, ვისაც არ უნდა, იმან არ ისწავლოს. მთავარია, სწავლა არავის დააძალო და ვისაც უნდა,  სკოლაში ის ივლის. ვისაც არ უნდა, ის - არ ივლის. იმ ხალხს შორის, ვინც ამ  კონცეფციის აპოლოგეტია, ერთ-ერთი მათგანი სიკო ჯანაშია იყო. მისი ინიციატივით,  თუ არ ვცდები 2007 წელს, სკოლებში ჟურნალები და ნიშნების წერა გაუქმდა. ეს იყო მისი კონცეფტუალური ხედვა. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ამ კონცეფციის წინააღმდეგი ვიყავი. ჩემამდე  ნიკა გვარამიამ გააუქმა  კონცეფცია, რომ თურმე ბავშვს ნიშანი არ უნდა დაუწერო. და მე დავაბრუნე ჟურნალები სკოლაში. თუ ვინმე მეტყვის, რომ 2006-ში გაცილებით კარგი ბავშვები სწავლობდნენ, ვიდრე 2011-ში, ეს იქნება  ძალიან დიდი უნამუსობა.

ამ ხალხს კონცეპტუალურად ჰგონია, რომ ნიშანი არ უნდა დაიწეროს სკოლაში.  ისინი თვლიან, რომ ბავშვს სკოლაში არანაირი შემოწმება არ სჭირდება და ვისაც უნდა,  ის ისწავლის და ვისაც არ უნდა არ ისწავლის. არადა ჩვენ ყველას ხომ გვყავს შვილები. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, 100 ბავშვიდან 90 ისეთი ბავშვია, რომელსაც მუდმივად სჭირდება მშობლისგან და სკოლიდან  დაძალება, რომ ისწავლოს. არ შეძლება 14 – 15 წლის ბავშვს კონცეპტუალურად მოსთხოვო იმის ხედვა, რა იქნება მომავალში. მან არ იცის, რომ თუ არ ისწავლის, ვერ იქნება წარმატებული ბავშვი.