ბატიაშვილის რევოლუცია - მინისტრმა განათლების სისტემა თავდაყირა დააყენა
ბატიაშვილის რევოლუცია - მინისტრმა განათლების სისტემა თავდაყირა დააყენა

A+ A-

×

19:07 07/02/2019

პარლამენტში  განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგა.  მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ  ხშირად ისმება კითხვა - რითი განსხვავდება ეს რეფორმა წინა რეფორმებისგან - ამჯერად რეფორმა არის კომპლექსური, ერთიანი სისტემის განათლების ყველა საფეხურისა და მიმართულებისთვის. განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის.

გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

მინისტრის თქმით, ბიუჯეტი 3-ჯერ არის გაზრდილი და ეს თანხა ახალი სკოლების მშენებლობასა და არსებულის რეაბილიტაციას მოხმარდება.

"რეფორმის ფარგლებში სკოლებში ინფრასტრუქტული პრობლემებლის მოგვარების მიზნით, განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა სისტემური მიდგომა, სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით, 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება. კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს.

მინისტრის განცხადებით, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA), 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთის N1, ქ. თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით, 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება. ბატიაშილის ინფორმაციით, განათლების რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე - 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.

ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს მიექცევა.

"წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის N7, სოფელ მუხურას, მარნეულის N1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, წალენჯიხის სოფელ ეწერის, თბილისის N2, ხაშურის სოფელ ფლევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ პედაგოგებს სექტემბრიდანხ ელფასი გაეზრდებათ. „მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება", - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს შემოქმედებით მიდგომაზე.

"როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია - სკოლების გაძლიერება - ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილის განცხადებით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე“, -  აცხადებს მინისტრი.

ბატიაშვილმა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ სიახლეებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დაინერგება „ახალი სკოლის“ მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე. მინისტრის განმარტებით, ახალი მოდელი გულისხმობს სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას და გადამზადებულ პედაგოგებს.

"ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო  რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილის განცხადებით, წელს 260 სკოლაში დამატებით მანდატური შევა. მისივე თქმით, უსაფრთხოება სკოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. "უსაფრთხოების კუთხით არის სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ეს არის მანდატურის სამსახური; ფსიქოლოგიური მომსახურების სამსახური და კრიზისული ინტერვენციების ჯგუფი. ფსიქოლოგიური ცენტრი ახლა გვაქვს 8, დაემატება კიდევ 2, რომელიც ყველა რეგიონს მოიცავს. მანდატურების 8 რეგიონალური ცენტრი შეიქმნება კოორდინაციისთვის. მანდატური დამატებით შევა 260 სკოლაში წელს, რომელიც გაზრდის ბავშვების უსაფრთხოებას სკოლაში,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ. 2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში, ხოლო მესამე საგანი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

"ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და უმაღლეს სასწავლებლებს უფლება ექნებათ, თავად დანიშნონ გამოცდა აღნიშნულ ან/და სხვა რელევანტურ საგანში. 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება. სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სისტემა 10 წლამდე გაიზრდება“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს უმცირესობამ განათლების სისტემაში გასატარებელი რეფორმები დაუწუნა. ბატიაშვილს რეფორმების გატარების პარალელულად, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტიც შეფაქტი შეახსენეს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის გამოსვლას ესწრებოდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი სრულიად უვიცი ადამიანები, რომელიც დიდ პრობლემას ქმნის. "დღეს ჩვენ საერთაშორისო შეფასებებით გვაქვს ქვეყანაში გამოწვევა წერა-კითხვის ცოდნა. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ საქართველოში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით ყველა, ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი, როგორც წესი ვერ იღებს დიპლომს. შედეგად ჩვენ საზოგადოებაში გყავს მრავალდიპლომიანი სრულიად უვიცი ადამიანები და ეს ქმნის პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, ასეთი უვიც დოპლომირებულ საზოგადოების პირობებში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით კი, მოსწავლეები რეპეტიტორების გარეშე ცოდნას ვერ იღებენ.

"თქვენ აღიარებთ, რომ თქვენივე გუნდის 6-წლიანი მმართველობის შემდეგ სკოლებში კატასტროფული მდგომარეობა არის, მაგრამ ამის შემდეგ იწყებთ ჯვაროსნულ ლაშქრობას რეპეტიტორების წინააღმდეგ და ამბობთ, რომ ეს არის კორუფცია. კორუფცია იყო მაშინ, როდესაც ეს რეპეტიტორები ისხდნენ გამოცდებზე და უნდა მისულიყავი მათთან, რომ მათ შენთვის ნიშანი დაეწერა არა ცოდნის გამო, არამედ იმიტომ, რომ ფული გადაუხადე. ახლა პრობლემა არის ის, რომ ვისაც რეპეტიტორების ფული არ აქვს, აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ სკოლა არ აძლევს მათ განათლებას. დამატებითი ცოდნის მიღებაში ფულის გადახდა კი არ არის პრობლემა, ეს ნორმალურია. სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ რეპეტიტორების გარეშე ვერ იღებენ მოსწავლეები ცოდნას. თქვენ ამბობთ, რომ გამოცდები არ შეესაბამება სკოლებში მიღებულ ცოდნას. მაშინ გამოცდები შეცვალეთ! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? ერთი სიტყვა არ გაქვთ ნათქვამი იმაზე, რომ ვაუჩერი უნდა გაიზარდოს, რათა სკოლებს შორის კონკურენცია იყოს და სკოლებმა კვალიფიციური მასწავლებლები მოიზიდონ. ამის ნაცვლად რაში ხარჯავთ გადასახადების გადამხდელების ფულს? დამატებით ბიუროკრატიას ქმნით და რაღაც 8 კონსულტანტს უნიშნავთ ამ საპილოტე პროგრამებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

"პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს კი მინისტრისგან აინტერესებს პასუხი, გამოცდების გაუქმებით, განათლების სიტემას როგორ გააუმჯობესებს.

"საატესტატო გამოცდების გაუქმებით როგორ აუმჯობესებთ განათლების სისტემას, ბატონო მინისტრო? - ეს მარტო ჩემი შეკითხვა არ არის, საერთაშორისო პრაქტიკაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ გამოცდების გაუქმება არანაირ კავშირში არაა განათლებისა და სწავლების ხარისხის ამაღლებასთან. თქვენ ამბობთ, რომ კრიტიკული, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნება უნდა განვითარდეს ჩვენს ახალგაზრდობაში. ამავდროულად, ეროვნული გამოცდების ნუსხაში სავალდებულო აღარ არის ზოგადი უნარების გამოცდა, რაც პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდობაში ლოგიკური აზროვნების განვითარებასთან“, - მიმართა ირმა ინაშვილმა განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ განათლების სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე არა, მაგრამ ბატიაშვილს ია კერზაიას სკოლაზე დაწერილი ანონიმური წერილის ავტორის გადაუმოწმებლობაზე მოსთხოვა პასუხი. კაპანაძის განცხადებთ, მიხეილ ბატიაშვილმა მყისიერი რეაგირება მოახდინა ანონიმურ წერილზე და არ დაინტერესდა, რეალურად არსებობდა თუ არა ანონიმური წერილის ავტორი.

"ლავრენტი ქირიას წერილი რომ შემოგივიდათ, პირადი ნომრის გარეშე, არასწორი მისამართით, მერე საერთოდ პასუხი რომ გაეცით ლავრენტი ქირიას, შეეცადეთ, დაგედგინათ მართლა არსებობდა თუ არა. თუ პირდაპირ თქვენმა თანამშრომელმა ან შეიძლება სხვა უწყების თანამშრომელმა დაწერა ეს ანონიმური წერილი. ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის საფუძველზე, სანიმუშო სკოლაში, მათ შორის, ეს სკოლა იმ სკოლებს შორის არის ახლა პილოტირებას რომ აპირებთ, ერთ-ერთი სკოლა არის მეექვსე სკოლა. ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის გამო ეგზეკუცია რომ შეუშვით თქვენი ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალ, რომ მოგვაწოდოთ და ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თუ ეს იყო შს მინისტრი, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა წარმომადგენელი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ია კერზაიას საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას მიხეილ ბატიაშვილს აკისრებს. როგორც მელიამ განაცხადა, მიხეილ ბატიაშვილი წარმოადგენს პოტენციურ დამნაშავეს, რომელიც ადრე თუ გვიან წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.

"ჩემთვის ახლა თქვენ წარმოადგენთ პოტენციურ დამნაშავეს, რომელიც ადრე თუ გვიან წარდგება მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა მელიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიხეილ ბატიაშვილისგან ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საკითხთან დაკავშირებითაც ელოდება პასუხს.

"მინდა გამოვეხმაურო ია კერზაიას თემას. უკვე ბევრმა დასვა კითხვა, თუმცა მეც მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რაზეც პირველ რიგში მის ოჯახს და შემდეგ საზოგადოებას კითხვები არ უნდა დავუტოვოთ. მეც ველოდები თქვენგან ამ საკითხზე განმარტებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე  განცხადებით, სრულიად მოუწყობელი საპირფარეშოები და ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაუცველობა მძიმე მდგომარეობას ქმნის. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო ზოგიერთი მშობელი თავს იკავებს, რომ  ბავშვები სკოლაში ატაროს.

"სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამ საკითხს მეტი ყურადღება სჭირდება. სკოლების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მივესალმები თქვენს ამბიციურ გეგმებს, მაგრამ არის სკოლები, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ვერ შეძლოთ ყველა სკოლის ერთად გარემონტება ან ხელახლა აშენება, მაგრამ ის, რომ საპირფარეშოები სრულიად მოუწყობელი იყოს და ელემენტარული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული არ იყოს, ძალიან მძიმე მდგომარეობას ქმნის. ზოგიერთი მშობელი თავს იკავებს, რომ ამის გამო ბავშვები სკოლაში ატაროს. ამიტომ თუ არის შესაძლებელი, რაც შეიძლება სწრაფად ელემენტარული სანიტარული პირობები გააუმჯობესოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვების მოსმენის შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, რომ  გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტრომ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციის  შედეგად მიიღო, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ესპერტები და განათლების სფეროს წარმოამდგენლები.

"აქ მოვიყვანთ მხოლოდ იმ ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც კონსულტაციებში იყო ჩართული. მასში ჩართულები  იყვნენ „ტრენინგებისა და კონსულტაციების“ ცენტრი, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „სამოქლაქო ურთიერთობებისა და ინიციატივების ცენტრი“, „განათლება ყველასათვის“, სკოლის ადმინისტრაციები,სკოლის მასწავლებლების ასოციაციები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID, ათასწლეულის გამოწვევი კორპორაცია, UNICEF, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ამერიკის მთავრიობის, შვეიაცარიისა და სხვადასხვა ფონდები, მაიკროსოფტი მი და ა.შ.

კონსულტაციები გაიმართა ქართულ უნივერსიტეტებთან, მასწავლებლბეთან, საბოლო ჯამში ასეულ ადამიანთან შეხვედრა შედგა იყო სხვადასხვა ფორმატის. მიმაჩნია, რომ  ჩვენი ხედვა მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული, პოლიტიკისგან შორს მდგომი, განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული. იგეგმება კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა მოადგილე და სსიპ-ის ხელმძღვანელი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ორგანიზაციასთან და მათთან კონსულტაცია. საბოლოო დოკუმენტი,  რომლის სამუშაო ვერსია  უკვე არსებობს, მალე გახდება სტრატეგიული დოკუმენტი“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.  

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ასევე მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება.  მისივე განცხადებით, უფასო ფაკულტეტები არაფრისმომცემია.

"უფასო დაფინანსების მოდელი არაფრისმომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და ჩვენც და მსოფლიო ბანკსაც გვაქვს ხედვა, რომ ეს უნდა იყოს performance based მოდელზე შემუშავებული, რომელიც არის ინდიკატორებზე და რომელმაც უნდა მოგვცეს ის მიმართულებები, რისკენ მოვახდინოთ წახალისება. ეს იქნება მეცნიერების კომპონენტი, პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი. მსოფლიო ბანკი ასრულებს მუშაობს კვლევაზე. პირდაპირ რაც შემიძლია გითხრათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილს ყოფილმა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უპასუხა. მისი განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ისეთ კონცეფციაზე გააკეთა არჩევანი, რომელიც ქვეყანას დაღუპავს.

"მინისტრის გამოსვლიდან მხოლოდ  სადღეგრძელოები მოვისმინეთ, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი. მე ამას რეფორმას ვერ დავარქმევ. გავიგე, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი, თუმცა საატესტატო გამოცდები მოხსნა. ეს ერთმანეთს როგორ უკავშირდება, ჩემთვის გაუგებარია. როდესაც საუბრობ, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი და ცენტრალიზებულ გამოცდას ხსნი, ეს ერთმანეთს რაღაცნაირად ვერ უკავშირდება, იმიტომ რომ ანადგურებ მექანიზმს,  ამ დროისთვის ერთადერთს, რომლითაც შეგიძლია, ზეგავლენა მოახდინო შეფასებაზე იმ ცოდნისა, რომელსაც ბავშვი სკოლაში იღებს. გავიგეთ, რომ აპირებენ მასწავლებლების გამოცდების აღდგენას, რა ფორმით  და როგორ, ამაზე არაფერი არ თქვა. დაგვპირდნენ, რომ მაისისთვის რაღაცას კიდევ გვეტყვიან დამატებით. უმაღლეს განათლებაზე წავიკითხე, რომ ბაკალავრი იქნება სამწლიანი და მაგისტრატურა ერთწლიანი“, - განაცხადა  „2020NEWS“-თან დიმიტრი შაშკინმა.