ილიაუნიდან ლექტორების გათავისუფლება გრძელდება, სასწავლებელი გიორგი ისაკაძემაც დატოვა
ილიაუნიდან ლექტორების გათავისუფლება გრძელდება, სასწავლებელი გიორგი ისაკაძემაც დატოვა

A+ A-

59

11:08 11/02/2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალ Forbes-ის მთავარი რედაქტორი და „ბიზნესმედია ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბიზნესის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი აღარ არის.

შესაბამისი განცხადებით მან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის თებერვლის თვის დასაწყისში მიმართა, რაც ილიაუნის რექტორის 2 თებერვლის შესაბამისი ბრძანებით დაკმაყოფილდა.

ისაკაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ილიაუნის ბიზნეს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი უფროსი, ეკონომისტი გიორგი პაპავა სოციალურ ქსელში 4 თებერვალს წერს:

1. ოთხშაბათს, საღამოს 8 საათზე მომდის მეილი (როგორც ასოცირებულ პროფესორს), საიდანაც ვარკვევ, რომ ბიზნესის სკოლა გახდა ერთ-ერთი მიმართულება ახალი ფაკულტეტის და რომ ხუთშაბათს დილით, 11 საათზე, ახალი ფაკულტეტის პროფესორების შეხვედრაა ჩანიშნული.

2. ხუთშაბათს მივდივარ აღნიშნულ შეხვედრაზე, სადაც მიხსნიან თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება და განიხილავენ პირველივე საკითხად დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას.

3. ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ისაკაძე სიტყვას ითხოვს და აფიქსირებს თავის ძალზედ კრიტიკულ შეფასებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

4. შემდეგ მეც ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ სრულიად მიუღებელია აღნიშნული ცვლილებების ფორმაც და შინაარსიც. გიორგი და მე შეხვედრას ვტოვებთ.

5. პარასკევს 19:15-ზე მეილს ვიღებ კანცელარიიდან გათავისუფლებული ხართ, დაგვიდასტურეთ მეილის მიღებაო.

კულუარული ინფორმაციით, გიორგი ისაკაძის გადაწყვეტილება უკავშირდება ილიას სახელმწიფო უნივირსიტეტის ბიზნეს სკოლაში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ბიზნესის სკოლის ადგილმონაცვლედ ახალი - "მენეჯმენტის, ტექნოლოგიების და განათლების" ფაკულტეტი გახდა, რის საფუძველზეც პოზიციები დაატოვებინეს როგორც ბიზნესის სკოლის არჩეულ დეკანს გიორგი ქადაგიძეს, ასევე ამავე სკოლის ხარისხის სამსახურის უფროსს გიორგი პაპავას. უნივერსიტეტმა არაერთგზის განმარტა, რომ პაპავასა და ქადაგიძის პოზიციებიდან გათავისუფლება მხოლოდ რეორგანიზაციას უკავშირდება.