სააკაშვილის ერთადერთი შანსი ივანიშვილია - ხუხაშვილი
სააკაშვილის ერთადერთი შანსი ივანიშვილია - ხუხაშვილი

A+ A-

×

12:25 11/02/2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ემიგრანტებთან შეხვედრას ტრაგიკომიკურს უწოდებს.

ხუხაშვილი "2020NEWS“-თან საუბარში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ და "ქართული ოცნება“ ერთგვარ სიმბიოზად იქცნენ და ძალაუფლების გაყოფას ცდილობენ.

"ამ შეხვედრასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ყველაფრის ტრაგიკომიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ "ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“ იქცნენ სიმბიოზად, ანუ მედლის ერთ მხარედ, და რას იყოფენ ისინი? - რა თქმა უნდა - ძალაუფლებას. არანაირი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მათ არ აინტერესებთ. იბრძვიან მემკვიდრეობისთვის. ანუ კოლექტიური მურუსიძისთვის. ორივეს უნდა, რომ ის იყოს კოლექტიური მურუსიძის პატრონი. ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა. ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია კონტრქმედებების ორგანიზებით, მათ შორის ევროპაში,  ასეთ ხელისუფლებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტი ამბობს, რომ ლიეჟში შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის ერთადერთი შანსი ივანიშვილია.

"სააკაშვილის ერთადერთი შანსი არის სააკაშვილი. მას შანს აძლევს "ქართული ოცნების“ საქციელი. მეტი შანსი მას არ აქვს. ერთი მხარის შანსს  ზრდის მეორე მხარის სიბრიყვე, მეტი არაფერი. არც ერთს არ აქვს პოზიტიური ენერგია. ორივე ერთმანეთის ნეგატივით იკვებებიან და ამით ცხოვრობენ და არსებობენ. ამით ავსებენ მთელ პოლიტიკურ სამყაროს“.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში, სახელმწიფო იქნება წაგებული.

"სამწუხარო ის არის, რომ ამ ბრძოლით სახელმწიფო აგებს. ამ ორი მხრიდან რომელიც არ უნდა დარჩეს მოგებული, ჩვენ ვზარალდებით ორივე შემთხვევაში. და ეს არის პრობლემა. მშმვიდობაში მოახმაროთ, ის რასაც იყოფენ. მათ სახელმწიფო აღარ აინტერესებთ, ეს ქვეყანა აღარ აინტერესებთ, ეს არის სამწუხარო რეალობა. სააკაშვილის შანსი არის ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის შანსი არის სააკაშვილი,  არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი მათ არ აქვთ, ერთმანეთის ზიზღით იკვებებიან“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისათვის, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში  “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი  ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრას წინ უძღოდა ინციდენტი და ხმაური, რადგან მათ წინააღმდეგ განწყობილი ემიგრანტები დარბაზში არ შეუშვეს.

ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება აგენტ პროვოკატორების მიერ დაიგეგმა, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა შეხვედრის ჩაშლის მცდელობას. მათივე ინფორმაციით, აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა.