დეპუტატების ინიციატივები სასამართლო სისტემის რეფორმას ხელს უშლის - გიორგი მიქაუტაძე
დეპუტატების ინიციატივები სასამართლო სისტემის რეფორმას ხელს უშლის - გიორგი მიქაუტაძე

A+ A-

12:32 11/02/2019

სასამართლო სისტემაზე გარკვეული პოლიტიკური ძალები გავლენის მოხდენას ცდილობენ. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

როგორც მიქაუტაძე აცხადებს, ბესელიას და სხვა კანონმდებლების მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ გამწესება უნდა შეჩერდეს, სასამართლო სისტემაში რეფორმებს ხელს უშლის.

აღნიშნულის შესახებ მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“საკითხი ყველა მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია. საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, რომელიც ყველა მოსამართლეს ეხება და არა მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც შეიძლება კონკურსზე გადიოდნენ და ა.შ. ეს არის სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მინდა ორმხრივ დაგანახოთ საკითხის მნიშვნელობა. პირველი - ეს არის სამართლებრივი მხარე და საუბარი იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გაჟღერდა და რომელზეც ბიურომ დღეს უნდა იმსჯელოს - ეს არის ახალი ნორმის დამატება, რომელიც შეაჩერებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მოსამართლე უვადოდ ინიშნება და გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ ერთი ნორმაა, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში და უშვებს მოსამართლის პირველად გამწესების შემთხვევაში მის დანიშვნას სამი წლის ვადით. სხვა გამონაკლისს კონსტიტუცია არ უშვებს. ამიტომ, წარმოუდგენლად მიგვაჩნია სამართლებრივად დასაბუთება ამ საკანონმდებლო ცვლილების.

მეორე მხარეა უკვე მიზანშეწონილობის საკითხი - რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი და ის რეფორმები, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქამდე, რომ მივიღოთ უვადოდ გადანიშნული კორპუსი. ეს არის დამოუკიდებლობის უმაღლესი გარანტია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. უვადოდ გამწესებულ მოსამართლეზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ რჩება. რატომ სურთ გარკვეულ ძალებს, გარკვეულ პოლიტიკოსებს ამ პროცესების შეჩერება და სასამართლო სისტემის დიდი პროგრესის უკუღმა შემოტრიალება?! პროგრესის, რომელიც მიიღო სახელმწიფომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის სახით. სხვა ლოგიკური ახსნა პირადად მე ვერ მოვუძებნე, რომ ეს არის მცდელობა, შენარჩუნდეს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები სასამართლო სისტემაზე, შენარჩუნდეს მოსამართლეთა ვადით დანიშვნა, რათა ისინი დამოკიდებულნი იყვნენ გარკვეულ ვადაზე. ამ კუთხით არსებობდეს ბერკეტები მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა, რომ პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს, გარკვეულ პოლიტიკოსებს სურთ გავლენა ჰქონდეთ სასამართლო სისტემაზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში  იუსტიციის საბჭოს სხდომა იმართება. საბჭოს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში შეკრების მიზეზი დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის მიმართ დიდი ინტერესია, რომლის განხილვაზე დასწრების სურვილი ბევრმა გამოთქვა.

საკითხი პარლამენტის 9 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ითვალისწინებს.

ინიციატივის მიხედვით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.