მაღალმთიანი სოფლების სკოლებში წყალი საერთოდ არ არის
მაღალმთიანი სოფლების სკოლებში წყალი საერთოდ არ არის

A+ A-

×

12:35 11/02/2019

შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არის. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიშის "წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში” პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძირითადი პრობლემები მაღალმთიან სოფლებშია.

"წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ექვს რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი.  ხშირ შემთხვევაში, ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი, რის გამოც, ბავშვები ვერ იღებენ სასმელი წყლის საჭირო რაოდენობას, რაც სწავლის განმავლობაში უნდა მიიღონ", - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, წყლის გარდა, სკოლებში მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი საპირფარეშოებია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ბავშვების განვითარებას.

"მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებში. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში. ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისა და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. აღნიშნული მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ გაკვეთილებზე დასწრებას”, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.