შსს-მ 2018 წელს 1 192 293 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა
შსს-მ 2018 წელს 1 192 293 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა

A+ A-

12:42 11/02/2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შარშან 1 192 293 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა, მათ შორის ყველაზე მეტი დარღვევა მესამე კვარტალზე (ივლისი-სექტემბერი) მოდის.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში 200 ათასი ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა, მეორეში - 245 ათასი, მესამეში - 476 ათასი, მეოთხეში კი 269 ათასი.

ვიდეოჯარიმების ჯამურმა თანხამ 42 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამასთან, მძღოლების ნაწილმა (411 421 ქვითარი) ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადა. შესაბამისად, მათზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება გავრცელდა. შეღავათით გადახდილი ვიდეოჯარიმების თანხამ 11.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2017 წელს შსს-მ დაახლოებით 400 ათასი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა, რომელთა თანხამ ჯამში 14.7 მილიონი ლარი შეადგინა.