საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს

A+ A-

12:59 11/02/2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას სამ ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას, სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა. 2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს “, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.