ბესელიას და დანარჩენი 8 დეპუტატის კანონპროექტს არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერდა - ვანო ზარდიაშვილი
ბესელიას და დანარჩენი 8 დეპუტატის კანონპროექტს არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერდა - ვანო ზარდიაშვილი

A+ A-

13:27 11/02/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

როგორც ჟურნალისტებს ზარდიაშვილმა განუცხადა, კანონპროექტს არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერდა.

ზარდიაშვილის განმარტებით, მოსამართლეების საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა და პოლიტიკური სახე მიიღო.

“მეორე კლასის იურისტიც კი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა. სამართლებრივი ჩარჩოებიდან და კონსტიტუციის შინაარსიდან იმდენად გასულია. ეს პოლიტიკური წინადადება უფროა. ამას არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური. როგორც იურისტი გეუბნებით, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. თუ ჩემს განცხადებაში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ, კონსტიტუციონალისტებთან გადაამოწმოთ. არც ერთ საკითხს, რომელიც ანტიკონსტიტუციური იქნება, მხარდაჭერა არ ექნება. ამას პოლიტიკურად როგორ შეფუთავენ, ვერ გეტყვით", – განაცხადა ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, 9 დეპუტატმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.