რატომ მალავენ ჩინოვნიკები ქონებას? - თანამდებობის პირები მხოლოდ 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ
რატომ მალავენ ჩინოვნიკები ქონებას? - თანამდებობის პირები მხოლოდ 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ

A+ A-

13:27 11/02/2019

არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო  1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები.  

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 6 ფაქტი გამოვლინდა, რაც წარმოადგენს კანონდაღვევას. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების როგორც ქონების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

არასრულად შევსებული დეკლარაციის გამო, წალენჯიხის მერი, ბესიკ ფარცვანია დაჯარიმდა, რომელსაც 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი ძმა ბეჟან ფარცვანია ფლობს წილებს და არის დირექტორი შემდეგ კომპანიებში: შპს “ბპს სექურითი ჯგუფი” - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შპს “რო-ბე” - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შპს “ბე & რო” - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ შპს “ბე & როს” სამჯერ აქვს გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა მიღებული - 2018 წელს 454 ლარის ორი ხელშეკრულება აქვს ზუგდიდის მერიასთან გაფორმებული, 2019 წლის იანვარში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან კი- 2 000 ლარიანი ხელშეკრულება. ბესიკ ფარცვანიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი ძმა ბეჟან ფარცვანია ფლობს ბინას ქალაქ თბილისში.

არასწორად აქვს შევსებული დეკლარაცია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე, თემურ ღვინჯილიასაც. ღვინჯილიას 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “შე-ლი”-ს 30% წილისა და შპს “წალენჯიხის საგზაოს” ს/კ - 20% წილის მფლობელი. ეს ინფორმაცია თემურ ღვინჯილიას არც წინა წლის დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რის შესახებაც ინფორმაცია „საერთაშორისოგამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა. თემურ ღვინჯილია ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.

წალენჯიხის ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის უფროსი, დალი კვარაცხელია მას 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი ლექსო ქვარცხავა არის შპს “ლეგი +”-ის 50% წილის მფლობელი.

ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს, მურთაზ სამუშიას 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს შპს “აიეტის” 40%-იან წილს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასწორად შევსებისათვის დააჯარიმეს ნუგზარ მალაშხია - ა(ა)იპ ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ხელმძღვანელი. მალაშხიას 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს წილებს კომპანიებში:  შპს “ნუმარემა” - 50% წილი, შპს “ბერმუხა - 09” - 25% წილი და შპს “ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკა” - 1% წილი.

ასევე, დაჯარიმდა ბესიკ თოდუა შპს “ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის დირექტორი ბესიკ თოდუას 2018 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “გდგ კომპანის” დირექტორი.

ასევე, ფოთში გამოვლენილია არასრულად შევსებული დეკლარაციის 7 ფაქტი, მათ შორის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3, საკუთარი და ოჯახის წევრების კუთვნილი წილების არადეკლარირების 13 და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 6 ფაქტი.

კონსტანტინე თოფურიამ, რომელიც ფოთის მერის პირველი მოადგილის პოზიციას 2018 წლის 1 ნოემბრიდან იკავებს, 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის და მისი მეუღლე შორენა ნაცვლიშვილი ფლობენ წილებს, ცალკეულ შემთხვევებში კი იკავებენ დირექტორის პოზიციას შემდეგ კომპანიებში:

კონსტანტინე თოფურია: შპს „ალტერო” - 100 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „თეაკომი” - 100 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „ალტერო XXI” - 100 %-იანი წილის მფლობელი კოოპერატივი „რკ ნიუ ლეიქი” - თავმჯდომარეა.

შორენა ნაცვლიშვილი: შპს „ნიუ ქეფითალ სისტემს” - დირექტორი, შპს „მალალა” - 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „მ2” - 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

კონსტანტინე თოფურიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ იგი არის კოოპერატივ „რკ ნიუ ლეიქის” -გამგეობის თავმჯდომარე, ამავე კოოპერატივის დირექტორები კი მისი მეუღლე შორენა ნაცვლიშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი არიან.

კონსტანტინე თოფურიას დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „ნაზვრევის” 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ ამავე კომპანიის დირექტორი მისი მეუღლე შორენა ნაცვლიშვილია. აღსანიშნავია, რომ შპს „ნაზვრევის” 50%-იან წილს ფლობს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი. შორენა ნაცვლიშვილი ასევე არის შპს „თბილისი რეფიერ კომპანის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი (ინფორმაცია დეკლარირებულია), აღნიშნულ კომპანიას 2014-2018 წლებში 15 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 2017-2018 წლებში 5 შემთხვევაში გაიმარჯვა. ყველა ტენდერში შემსყიდველი ქალაქ თბილისის მერია იყო, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 5 927 178 ლარი შეადგინა. თბილისის მერიამ შპს „თბილისი რეფიერ კომპანისაგან” საგზაო მოძრაობის მართვისა და კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის, ასევე შუქნიშნების და მათი მოწყობილობების მოვლა-შენახვა- ექსპლუატაციის მომსახურებები შეისყიდა. ის ფაქტი, რომ კონსტანტინე თოფურია იკავებს დირექტორის პოზიციას შპს-ებში, წარმოადგენს კანონდაღვევას - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს. გარდა იმისა, რომ კონსტანტინე თოფურიამ აღნიშნულ კომპანიებში უნდა დატოვოს დირექტორის თანამდებობა, საკუთარი წილებიც სამართავად სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს.

ფოთის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის უფროს ლევან ჩოჩიას 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი ძმა ირაკლი ჩოჩია არის შპს „ი.ტ.მ. ჯგუფის” 33%-იანი წილის მფლობელი, ასევე შპს “ლევიკას” 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნანა ჭანტურია, რომელსაც  2018 წლის მაისში აქვს შევსებულ დეკლარაციაში, არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ნოდარ მიქაძე არის შპს „პალიასტომი 2016”-ის 34%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი.

მაია მაკალათია ფოთის მერის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსია. მაკალათიას 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „M.M.M.” დირექტორი, რითაც არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას 2018 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „კარიბჭის” 25%-იანი წილის მფლობელი.

შპს „ფოთი ქალაქტრასნპორტის” დირექტორს ბადრი ასათიანს 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „ექსერგიას” 1%-იანი წილის მფლობელია.

შპს „ფოთი ქალაქპროექტის” დირექტორს ლეილა გვასალიას 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, გოჩა გურგენაძე შპს „ს/კ გივი ჭედია და კომპანიის” 25%-იანი წილის მფლობელია.

ხარვეზებია ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამდებობის პირთა და უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 30-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 3 შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს გიორგი მანველიძეს 2019 წლის 18 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ის არის შპს „I-G”-ის 50% წილის მფლობელი. აღნიშნული ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს არც 2018 წლის და არც 2017 წლის დეკლარაციებში არ ჰქონდა მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ მანველიძე კომპანიის მეწილეა 2012 წლიდან. კანონის მოთხოვნის თანახმად, მანველიძემ აღნიშნული წილი, დეკლარირებასთან ერთად, სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ხვიჩა შარაშიძეს 2018 წლის 26 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „vox”-ის 50%-იანი წილის მფლობელი, რაც კანონის შესაბამისად, მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, შორენა ქარცივაძე შპს „HAIR FASHION”-ის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრს ზაზა ოქუაშვილს 2018 წლის 28 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილები, რატი და გიორგი ოქუაშვილები არიან შპს „ბენმონტი-BENMONT”-ის 50-50%-იანი წილის მფლობელები. ზაზა ოქუაშვილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება 2019 წლის24 იანვარს შეუწყდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს დავით ბაციკაძეს 2019 წლის 24 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მის საკუთრებაშია შპს „როიალ ბათუმის” 25% წილი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული. აღნიშნული კომპანიის დირექტორი დავით ბაციკაძის მეუღლე, ნანა ბაჯელიძეა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ილია ვერძაძეს 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი შს „ცდა 2008”-ის 15%-იანი წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული.

ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ჯამბულ ხოზრევანიძეს 2018 წლის 2 მარტს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „სენეს” 100%- იანი და შპს „ჯთას” 50%-იანი წილის მფლობელობა. კანონმდებლობის თანახმად, გარდა იმისა, რომ ჯამბულ ხოზრევანიძეს აღნიშნული წილების შესახებ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა, თანამდებობის დაკავებისთანავე ისინი სამართავად მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს თეონა ბერიძეს 2018 წლის 28 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, რამაზ ბალაძე არის შპს „ბალა+”-ის 50%-იანი წილისა და შპს „იქს-სთოუნის” 33%-იანი წილის მფლობელი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეს თორნიკე კუჭავას 2018 წლის 3 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი შპს „ჯეო-სვლას” 20%-იან წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული.

ასევე ხარვეზებია იმერეთის მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დეკლარაციებში.

გამოვლენილია მუნიციპალური არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებისა (ა(ა)იპების) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი პირების 45 დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციის არასრულად შევსების 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 7 შემთხვევა ეხება საკუთარი და ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული წილების მიუთითებლობას, 6 შემთხვევაში თანამდებობის პირებს საკუთარი წილი სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, ხოლო 3 შემთხვევაში არ აღუნიშნავთ ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება.

ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბის ხონის იმერეთის” დირექტორს რამაზ სანიკიძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის შპს „საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტე-2”-ის 100 %-იანი წილის მფლობელია. გარდა იმისა, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის” მე-15 მუხლის თანახმად, რამაზ სანიკიძეს აღნიშნული წილის ფლობის შესახებ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა, ასევე, აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

ა(ა)იპის სამტრედიის „სახლი თანადგომა” დირექტორს ზემინარ ბოხუას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ ის ქალაქ სამტრედიის ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართის თანამესაკუთრეა. ასევე, არ მიუთითებია შვილის, არჩილ ფანცულაიას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქ. სამტრედიაში, რუსთაველის #12-ში.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის” დირექტორს იაგო ჭაფოძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მეუღლის, ელენა ჭკადუას საკუთრებაშია ქ. სამტრედიაში, 9 აპრილის ქუჩის #88-ში არსებული 607 კვ.მ. უძრავი ქონება.

შპს „სპორტული კომპლექსი-სამტრედიას” დირექტორს ალექსანდრე სტურუას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს მისი კუთვნილი 25%-იანი წილი შპს „უმნიში”. კანონმდებლობის თანახმად, მას აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბის სამგურალის” დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი შვილი, ლაშა სოფრომაძე არის შპს „ჰოთ-ბოუთის” 25%-იანი და შპს “ენემი გრუპ იმპორტსის” 7%-იანი წილის მესაკუთრე.

ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის” დირექტორს თორნიკე ჯიქიას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს წყალტუბოს სოფელ ყუმისთავში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.

„ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორმა თეიმურაზ ფურცელაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი შვილი, პავლე ფურცელაძე არის შპს „აი პი კომპანის“ 50%-იანი წილის მესაკუთრე.

ქუთაისის „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ კოოპერატივი „ბარაქას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 20%-იანი წილის მესაკუთრეა.

ა(ა)იპ ქ.ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ნადარეიშვილმა 2018 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, ბიქტორ ბალანჩივაძე არის შპს „ლუკა XXI“-ს 25%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი; ასევე შპს „მერონის” 10%-იანი წილის მფლობელი.

შპს „რ.შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორმა თეიმურაზ კიკვაძემ 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს „მოგას“ 6%-იანი წილის მესაკუთრე, ასევე შპს „მ.ვ.კ. 2011-ს“ 100%-იანი წილის მფლობელი.

შპს „ქართული ტრადიციები 2011-ის “ დირექტორმა ირაკლი სარიშვილმა 2018 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს „ავტო კომფორტის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მესაკუთრე. ასევე, მან დეკლარაციაში არ ასახა ინფორმაცია მამის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ: ოთარ სარიშვილი არის შპს „ზორიოზონის” 100%-იანი წილის მესაკუთრე, შპს „თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრის” 33%-იანი და შპს „კავკასტურის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. ოთარ სარიშვილი არის ზემოთ ჩამოთვლილი სამივე შპს-ს დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ არასწორად ან არასრულად შევსებული დეკლარაციისათვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ასევე  დაჯარიმებულია პარლამენტის 54 წევრი, დაჯარიმებულ  დეპუტატებს შორის არიან: ლევან კობიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ნინო წილოსანი, ირმა ინაშვილი, სოფიო კილაძე და ა.შ.