არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

A+ A-

×

14:30 11/02/2019

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს.

“2020NEWS” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეს ვეხმიანებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტანდარტების დარღვევაზე ვუთითებთ და საქართველოს პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ მოვუწოდებთ:

საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენები და მსჯავრდებული პირისა და მისი ადვოკატების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ საქმეში დაირღვა არსებითი ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები, მათ შორის:

•    საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონისმოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდა, რამაც საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების (დანაშაულის საგნის) ვალიდურობა და სანდოობა ეჭვსქვეშ დააყენა.  კერძოდ,  მამალაძის დაკავება მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. საქმის მთავარი და ძირითადი მტკიცებულების ამ პირობებში და წესით ამოღება განაჩენის კანონიერების საკითხს არსებითად სადავოს ხდის.   

•    საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი.განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როცა კანონი სწორედ ბრალდების მხარეს (პროკურატურას) აკისრებს მტკიცების ტვირთს. სასამართლო მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა  გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები.

•    საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა. კერძოდ, ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად და კანონით გაუთვალისწინებელი გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით.

•    პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. დანაშაულის პირობებში მოიაზრება მათ შორის ,,ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა. მნიშვნელოვანია რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა  მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტის - განზრახვის არსებობას.

•    პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განსაკუთრებით სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე შედეგებისა და უფლების დარღვევების აღმოფხვრა ამ გზით უზრუნველყოს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო (TI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) “, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ქართულმა სასამართლომ დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზმა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა. დეკანოზის სარჩელი სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში 31 იანვარს შევიდა. გიორგი მამალაძის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში ადვოკატი დავით ჯანდიერი დაიცავს.