საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბაკისგან გამოყოფილ 100 მილიონ ევროზე უარი განაცხადა
საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბაკისგან გამოყოფილ 100 მილიონ ევროზე უარი განაცხადა

A+ A-

44

14:46 11/02/2019

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბაკისგან (EIB) გამოყოფილ €100 მლნ-ზე უარი განაცხადა. ამის შესახებ აგრარული კომიტეტის თავჯდომარემ ოთარ დანელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დანელიამ  განაცხადა, საინვესტიციო ბანკისგან გამოყოფილი სესხი მაღალი საპროცენტო განაკვეთში იყო და კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, რის საფუძველზეც სესხი გაუქმდა.

“საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას "საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“ 2016 წელს მოეწერა ხელი. პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი გამოდიოდა,  რაც რა თქმა უნდა,  არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა", - განაცხადა დანელიამ.

ოთარ დანელიას თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სიტუაციიდან გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება და თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება.

"ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9% -იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და ცოტა არ იყოს მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ძირითადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული. დღეის მდგომარეობით, EIB-ს საქართველოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, დაახლოებით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი. მათ შორის, 750 მილიონ ევრომდე - საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, 180 მილონ ევრომდე - წყლის სექტორის და 200 მილიონ ევრომდე - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად.