ასეთ ტრაგიკულ საქმეზე ნუ გააკეთებთ ექსპერტულ დასკვნებს - სერგეენკო 13 წლის ბავშვის მკვლელობაზე
ასეთ ტრაგიკულ საქმეზე ნუ გააკეთებთ  ექსპერტულ დასკვნებს - სერგეენკო 13 წლის ბავშვის მკვლელობაზე

A+ A-

148

16:22 11/02/2019

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსთავში, ბიძის მიერ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ყველას სთხოვს, ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ექსპერტული დასკვნები არ გააკეთონ.

პირველ რიგში, ყველასთან მექნება უმორჩილესი სათხოვარი, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებს და სისტემურ ანალიზს, - ასე გამოეხმაურა სერგეენკო ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის ფსიქიატრიულში შესაბამისი დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს.

"ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. თუკი ეს რაიმე ნივთიერებით გამოწვეული ფსიქოზი იყო, ამის მკურნალობაზე, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად, სახელმწიფო ზრუნავს. ასეთი შემთხვევები რაღაც შორსმჭვრეტელური სისტემური დასკვნების დასადებად არანაირად არ არის გამართლებული და ამისთვის არსებობს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საქმიანი ფორმატი”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.