წელს საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა
წელს საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

18:08 11/02/2019

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა.  ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, წითელას აცრა დამატებით 65000-მა პირმა ჩაიტარა. "წითელასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტები გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, პირველი იანვრიდან წითელათი ავადობის მაჩვენებელი 1370-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ აცრების ჩატარება ძალიან ინტენსიური გახდა - წითელაზე დამატებით 65 0000 ადამიანი აიცრა, რომელშიც არ შედის ის გეგმიური აცრები, რომლებიც ბავშვებისთვის ტარდება 1 თვის განმავლობაში. ერთადერთი საშუალება, რომ წითელა შევაჩეროთ, არის მასობრივი ვაქცინაცია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია.