მიხეილ სააკაშვილი ძველი მეთოდებით ცდილობს  განსხვავებული აზრის ჩახშობას - წულუკიანი
მიხეილ სააკაშვილი ძველი მეთოდებით ცდილობს  განსხვავებული აზრის ჩახშობას - წულუკიანი

A+ A-

×

18:12 11/02/2019

იუსტიციის მინისტრის თეა  წულუკიანის განცხადებით,  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძველი მეთოდებით ცდილობს  განსხვავებული აზრის ჩახშობას.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ლიეჟში გამართულ შეხვედრაზე დასწრების საშუალება ყველა ემიგრანტს უნდა მისცემოდა.

“ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობდა ნოსტალგიით შეპყრობილი ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ვერ ჩამოდის, ვერ აწყობს 7 ნოემბერს და 26 მაისს, ლიეჟში მოეხდინა განსხვავებული აზრის მისეული მეთოდებით ჩახშობა.

თუ ეს არის ემიგრანტებთან შეხვედრა, ყველა უნდა იყოს დარბაზში დაშვებული და განსხვავებული აზრიც უნდა იყოს დაფიქსირებული, მაგრამ ჩემთვის გასაკვირვი იქ არაფერი მომხდარა. სააკაშვილმა, ისევე როგორც ამას აკეთებდა საქართველოში, ლიეჟშიც ჩაახშო განსხვავებული აზრი. უბრალოდ,  აქ თავად ხელისუფლებაში იყო და სისხლისმიერი მეთოდებით აკეთებდა ამას. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, უბრალოდ თავი შეგვახსენა თავისი მეთოდებით, რომლისგანაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ დიდი ზიანი მიიღო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველი ემიგრანტების და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გაიმართა, სადაც  საქართველოდან ჩასული "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტებიც იყვნენ.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტთა ნაწილი. როგორც მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.