ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის “დუმილი” სასამართლო სისტემის უპატივცემულობაა - ლევან მურუსიძე
ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის “დუმილი” სასამართლო სისტემის უპატივცემულობაა - ლევან მურუსიძე

A+ A-

18:19 11/02/2019

მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით იუსტიციის არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის “დუმილი” სასამართლო სისტემის უპატივცემულობაა.

“სასამართლო კორპუსი იმის ღირსი მაინც არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი და შესაბამისად აფიქსირებენ განწყობას, წარმოუდგინონ და ელემენტარულად თქვან, რატომ უჭერენ მხარს ერთ პოზიციას და რატომ არ უჭერენ მხარდს მეორე პოზიციას. მათ დუმილი არჩიეს. ისინი აფასებენ ამ მოსამართლეებს, შეფასებას აკეთებენ და იღებენ გადაწყვეტილებას, უვადოდ დაინიშნებიან თუ არ დაინიშნებიან. ამიტომ, მოსამართლეთა კორპუსი თვლის, რომ ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიც არის მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნა, შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ თუ ეთანხმები, ან არ ეთანხმები, ელემენტარული ზრდილობაა, კანონის მოთხოვნაა, ადამიანობაა, სინდისია, მოსამართლეს აუხსენი. ეს რა, მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები, მართლსაჯულებას ახორციელებენ. შენ ხარ საბჭოს წევრი ანგარიშვალდებული ხარ მოსამართლეების წინაშე“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ლევან მურუსიძისთვის მოსამართლეთა უვადოდ გამწესება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ლევან მურუსიძე პასუხობს: “ჩემთვის, ლევან მურუსიძისთვის და არამარტო ლევან მურუსიძისთვის, იტალიელი, ესპანელი, ინგლისელი, გერმანელი მოსამართლეებისთვის უვადოდ გამწესება არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი დამოუკიდებლობის“.

მურუსიძის თქმით, კანონპროექტი, რომლის ავტორებიც ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა მიმდინარეობდა.

საბჭოს დღევანდელ სხდომას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ. სხდომაზე პარლამენტის 9 დეპუტატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შეჩერებას გულისხმობს.