"სახეზეა ძალიან კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი"
"სახეზეა ძალიან კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი"

A+ A-

13:30 12/02/2019

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით საჯარო დებატები სამუშაო ფორმატში უნდა გადავიდეს. წულუკიანი განმარტავს, რომ ამ პროცესში მთავრობას დამკვირვებლის პოზიცია აქვს.

“ჩვენ, მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო კონსტიტუციის საფუძველზე ამ პროცესებისგან განზე ვართ გასული. ეს იყო რეფორმა, რომელმაც სასამართლოს მთავრობისგან უფრო მეტი დამოუკიდებლობა მისცა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტის ჩართულობით ირჩევიან და ინიშნებიან. ამ დამკვირვებლის პოზიციიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სახეზეა ძალიან კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არა ერთი ან ორი, არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს.

მაგრამ გამოსავალს მაინც ვხედავ იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, იქნება ეს დეპუტატი უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, საბჭოს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, თავად მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაგიდასთან იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დასხდნენ, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, უნდა გაიმართოს მსჯელობა კრიტერიუმებზე, რომელსაც ბოლო დღეებია, აღარავინ ახსენებს.

“ასევე, იმაზე უნდა გაიმართოს მსჯელობა, როგორ უნდა დავაბრუნოთ ყველამ ერთად ეს პროცესი უფრო ჯანსაღ ტალღაზე. დღევანდელი პროცესი, რასაც ვუყურებ, ვფიქრობ, ყველასთვის დამანგრეველია. იქნება ეს სასამართლო, პარლამენტი, თავად არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ამ პროცესიდან თუ კი ეს ასე გაგრძელდა, არ მგონია, ვინმე გამარჯვებული გამოვიდეს. იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი შედეგით კმაყოფილები ვიყოთ საჭიროა, რომ ალბათ, საჯარო დებატები დასრულდეს. დასრულდეს არგუმენტების საჯარო ეთერში წარდგენა და ეს პროცესი როგორმე სამუშაო ფორმატში გადავიყვანოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეების შერჩევის საკიტხთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.  სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე არასამათავრობო ორგანიზაციების და იუსტიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უარი განაცხადეს.