ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

A+ A-

145

15:02 12/02/2019

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, პროკურატურა ცდილობს, მ.კ. სანდო მოწმედ აქციოს და აღნიშნა, რომ მკვლელობის საქმეზე კითხვებს არ უსვამდნენ.

ზაზა სარალიძის თქმით, კითხვები ეხებოდა მხოლოდ მ.კ-ს მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, რაზეც გასამართლდა მისი ნათესავი მერაბ მორჩაძე. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას ხვალ მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე დასვამს.

“უნდათ, რომ კალანდია სანდო მოწმედ დააბრუნონ. ხვალ უნდა შევხვდე პროკურორს და იქ დავსვამ განსაკუთრებულ კითხვებს. არ გავაჟღერებ ჯერ კითხვებს, რომ წინასწარ არ მოემზადონ. კალანდიას “გაპრავებას“ აპირებენ. კითხვები მხოლოდ ზეწოლას ეხებოდა და არა მკვლელობის ეპიზოდს. ფიზიკურად ვერ გავუძელი. ადვოკატებმა პროტესტი დააყენეს კითხვებზე. მოსამართლემ გაგაძევებ გარეთო, არადა ადვოკატს გადავუჩურჩულე, არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია. ფაქტია, რომ ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ კალანდია მკვლელი არ არის. ანუ ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელი არ არსებობს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის ამ ეტაპზე  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე  მთავარ მოწმეს მ.კ. კითხავენ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს, რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ ის მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.