"ქუჩის ბიჭების“ წევრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წელი მიუსაჯეს
"ქუჩის ბიჭების“ წევრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წელი მიუსაჯეს

A+ A-

93

15:52 12/02/2019

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი”, - აღნიშნულია განცხადებაში.

2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ ორ ქალს პატიმრობა შეეფარდა.

მომღერალი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. მისი დაჭრის საქმეზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.