ზესტაფონის მერიაში საკადრო წმენდა გრძელდება - გადამდგარი მერის გუნდის წევრები თანამდებობებს ტოვებენ
ზესტაფონის მერიაში საკადრო წმენდა გრძელდება - გადამდგარი მერის გუნდის წევრები თანამდებობებს ტოვებენ

A+ A-

×

18:06 12/02/2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები დღესაც გრძელდება. ქალაქის ყოფილი მერის, კახაბერ მახათაძისა და მისი მოადგილის        ელგუჯა კვეტენაძის შემდეგ, თანამდებობა ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით აბულაძემაც დატოვა.

როგორც "2020NEWS“-თან საუბარში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ეკატერინე დუგლაძემ განაცხადა, დავით აბულაძე კახა მახათაძის გუნდის წევრი იყო და აღარ ისურვა მუნიციპალიტეტში მუშაობის გაგრძელება.

"ის გავრცელებული ინფორმაცია კი, თითქოს მეც დავტოვე თანამდებობა, სიმართლეს არ შეესაბამება. გიდასტურებთ, რომ თანამდებობა დატოვა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით აბულაძემ. ის კახა მახათაძის გუნდის წევრი იყო და აღარ ისურვა მის გარეშე მუშაობა“, - განუცხადა სააგენტოს ეკა დუგლაძემ.

მისივე თქმით, უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას ექს-მერი.

ეკატერინე დუგლაძე არ გამორიცხავს, რომ კახა მახათაძე საპატრიარქოს დაუბრუნდეს.

"კახა მახათაძე პარტიული არ ყოფილა. ის მერად საპატრიარქოდან მოვიდა, სადაც 15 წელი იმუშავა. რა თქმა უნდა თანამდებობიდან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ პარტიული არასდროს ყოფილა", - განუცხადა „2020NEWS“-ს ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა. 

როგორც "2020NEWS“-მა გაარკვია კახა მახათაძე საპატრიარქოში 1999 წლიდან მუშაობდა. ის 1999-2003 წლებში საქართველოს საპატრიარქოს "ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორი იყო, 2003-2011 წლებში საპატრიარქოს აგრო-სამრეწველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2009-2010 წლებში იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი  სამთავრობო კომისიაში, 2011-2017 წლებში კი  საქართველოს საპატრიარქოს "ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორი. 

კახაბერ მახათაძე მერის თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა.  გუშინ კი მახათაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, ზესტაფონში მერის გადადგომას რამდენიმე თვეა, რაც ითხოვენ. კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მერიის შენობაში გასული წლის სექტემბერში დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. ისინი ზესტაფონის მერს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.