ჭიათურაში, ზესტაფონში, ზუგდიდში, მარნეულსა და ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება
ჭიათურაში, ზესტაფონში, ზუგდიდში, მარნეულსა და ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება

A+ A-

12:36 13/02/2019

საქართველოს მასშტაბით მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება. ესენია ზუგდიდი, ზესტაფონი, მარნეული, ჭიათურა და ხულო.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "2020NEWS“-ს განუცხადეს, მერის რიგგარეშე არჩევნები მაისის თვეში გაიმართება.

"მერის რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ზესტაფონში, მარნეულში, ჭიათურაში და ხულოში ჩატარდება. საარჩევნო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლის თანახმად, რიგგარეშე არჩევნები მაისის თვეში გაიმართება. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო სპეციალური განკარგულებით. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა, ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა −  მაისში“, - განუცხადეს სააგენტოს ცესკოში.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია დააკავეს.

ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ 11 თებერვალს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. დღეს მარნეულის საკრებულოს  უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა მარნეულის ყოფილმა მერმა თეიმურაზ აბაზოვმა.

გასული წლის ოქტომბრის თვეში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა. გადადგომის შემდეგ მან ასეთი რამ განაცხადა:

„გადავდექი! რადგან, ჩასაფრებების, ღალატის და პროვოკაციების არც გაძლება შემიძლია და არც გადატანა“. 2018 წლის ოქტომბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ხულოს მერმა გოჩა მელაძემ. თუმცა, რა გახდა ხულოს მერის გადადგომის მიზეზი, უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, მელაძემ თანამდებობიდან წასვლის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ პატარაძე გადადგა.