არჩილ გამზარდია – ახალი პოლიტსაბჭო – ცვლილება თუ იმიტაცია?

106

“ქართული ოცნების“ წევრებმა პრაქტიკულად დაამტკიცეს, რომ მათ დამოუკიდებლობის უნარი არ აქვთ, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი არჩილ გამზარდია აცხადებს.

“ქართული ოცნების“ პრეზიდენტთან დაპირისპირება კიდევ უფრო საკვანძო ეტაპზე გადავიდა, პრეზიდენტის საპარლამენტო პროტესტმა და საკანონმდებლო ორგანოს დატოვებამ, წინააღმდეგობა პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის წევრებს შორის ბევრად ხილული გახადა. პრეზიდენტის წინააღმდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად ერთ ხმაში ერთსა და იმავე შეტყობინებებს გამოთქვამს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების პრეზიდენტთან დაპირისპირება გაიზარდა, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურმა დაბრუნებამ დაპირისპირება შეამცირა თავად მმართველ ძალაში, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური სახით, შეიძლება ითქვას, დაპირისპირება გაქრა; რაც შეეხება არაოფიციალურ ნაწილს, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინააღმდეგობა ისედაც უპლატფორმო და ხელოვნურად შეკოწიწებული მმართველი ძალის შიგნით შეუძლებელია გაქრეს, ივანიშვილის დაბრუნებამ კი შეკავების როლი შეასრულა. ახლა თვითმართვადად და გარე კონტროლის გარეშე მიმდინარე პროცესები შეაკავა ახალი თავმჯდომარის ფაქტორმა. კარგია ეს თუ ცუდი, რთული სათქმელია. ერთი მხრივ, თვითმართვადობის, ერთმანეთში შეთანხმების, ავტონომიური ძალაუფლების ცენტრების შექმნისა და მართვის უნარი მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, პრაქტიკულად ვერ გამოამჟღავნეს და სამწუხაროდ, ეს ერთგვარი ფსევდო დამოუკიდებლობა უფრო სტიქიურობაში გადაიტანეს. „ქართული ოცნების“ წევრებმა პრაქტიკულად დაამტკიცეს, რომ მათ დამოუკიდებლობის უნარი არ აქვთ. ეს უკვე მომავალი პარტიის თავმჯდომარისათვის მძიმე ფონიცაა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა კომფორტულიც მოჩანს, როდესაც კოლექტივად ტრანსფორმირებული გუნდის წევრები ლიდერობისკენ სწრაფვის უუნარობას ამჟღავნებენ.

დღეს „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს პოლიტიკური ლიდერები, არც თემატური ლიდერები, არსებობს მხოლოდ ერთადერთი წინამძღოლი, რომელზეც ჩამოკიდებულია მთელი პასუხისმგებლობა ნაცვლად მმართველი ძალის საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ თვითმმართველი ხელისუფლებებისა. სურს თუ არა ივანიშვილს ლიდერი ტიპები გუნდში, ესეც რთული სათქმელია. ასე რომ, ნებით თუ უნებლიედ, მმართველი პარტია თავის განახლებულ საბჭოსთან ერთად მაინც ერთ ადამიანზე რჩება ჩამოკიდებული, სადაც პასუხისმგებლობათა სივრცეც მოქალაქეების ნაცვლად ერთ პირზე იქნება ორიენტირებული, რომლის კონტროლიც ურთულესი იქნება პარტიის მომავალი თავმჯდომარისათვის”, – აცხადებს გამზარდია.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here