სახელმწიფო ინფექციური საავადმყოფოს იჯარაში „ავერსს“ მილიონებს უხდის, თავად კლინიკა კი პაციენტებს თავზე ენგრევათ

18

ძველი კარები, აყრილი და დაზიანებული იატაკი, დაბზარული და ნესტიანი კედლები, ჩვენ არ გიყვებით კომუნისტური ეპოქის საერთო საცხოვრებლის შესახებ, ეს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრია, რომლის ბედიც სახელმწიფოს აბარია.

სახელწიფოს მმართველობის ქვეშ არსებული საავადმყოფო, დღეს კომპანია „ავერსის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობს. სახელმწიფოს შენობები იჯარით აქვს აღებული, რაშიც ყოველთვიურად დაახლოებით 40 000 ლარის იხდის.

“ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ იჯარას სახელმწიფო 2012 წლიდან იხდის. 6 წელში სახელმწიფომ დაახლოებით 3 000 000 გადაიხადა იმაში, რომ პერსონალს საბჭოთა განადგურებულ შენობაში, სადაც ანტისანიტარია და სიბინძურე აღარავის უკვირს, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს.

2009 წელი, გაყიდული საავადმყოფო, კოლეგიის ოთახში გამოკრული ახალი საავადმყოფოს რენდერი და მოლოდინი, მოლოდინი იმისა, რომ ერთ დღესაც მაღალი სტანდარტების საავადმყოფოში იმუშავებენ. 2018 წელი, ორჯერ შეცვლილი პროექტი და სამჯერ შეცვლილი ლოკაცია, ისევ მოლოდინი თუმცა, არც რეალობა შეცვლილა და მისამართიც იგივე რჩება – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი ნომერი 16.

მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მედიკოსებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს, აწ უკვე ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილისგან პრობლემის მოგვარების პირობაც მიიღეს, თუმცა, 400-ზე მეტი ყოველდღიური პაციენტი გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, სრულყოფილ სტაციონარულ მომსახურებას დღესაც ვერ იღებს. დაპირების თანახმად ახალი საავადმყოფო დიღმის კლასტერში უნდა აშენებულიყო მაგრამ, ტერიტორია საავადმყოფოს ბალანსზე ამ დრომდე არ ირიცხება.

„პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მყარი დაპირება მივიღეთ, რომ 2 წლის განმავლობაში ახალ საავადმყოფოს აგვიშენებდნენ. ერთი წელი უკვე გავიდა და ის ნაკვეთიც კი არ არის ჩვენს ბალანსზე გადმოცემული, რომელზეც საავადმყოფოს აშენებას დაგვპირდნენ. მანამდე მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე იგეგმებოდა, გადმოგვცეს 5 000 კვ.მ. რომელიც რეკრეაციული ზონა აღმოჩნდა ამიტომ მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდა,“- განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მათ ფართი ერთი მესამედით შეუმცირეს რამაც, შესაძლოა საავადმყოფო სავალალო შედეგამდე მიიყვანოს.

„კატასტროფულ სივიწროვეს განვიცდით. ჩვენი ცენტრი გაყიდვამდე განთავსებული იყო 12 500 კვ.მ. ვგულისხმობ, მხოლოდ შენობების ფართს. ახლა გვაქვს 7 350 , დაწყებული სამუშაო ოთახებიდან დამთავრებული სამედიცინო სერვისებით , ბევრი პარამეტრი ნორმატივებს ვერ აკმაყოფილებს. ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენ კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ შენობებში ვსაქმიანობთ“, – აცხადებს შოთა გოგიჩაიშვილი.

შოთა გოგიჩაიშვილი გვიყვება, რომ მედიკოსები ახლა ეკონომიკის სამინისტროს ქმედით ნაბიჯს ელოდებიან.

„ეკონომიკის სამინისტრომ უნდა დააკანონოს და ფართი ბალანსზე გადმოგვცეს, ჩვენ დავაბრუნებთ უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებულ ნაკვეთს, რომელიც პრაქტიკულად გამოუსადეგარია ჩვენთვის. ტენდერში გამარჯვებული კომპანიამ უმოკლეს ვადებში უნდა განახორციელოს მშენებლობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.თუ დაიწყო მშენებლობა, როგორც მინიმუმ თავისი აღჭურვით 3 წელი დასჭირდება , ანუ ისევ საჭიდაო გვექნება, იმ კომპანიასთან რომლის ტერიტორიაზეც ჩენ ვსაქმიანობთ“,-განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

თუ უმოკლეს დროში რაიმე არ შეიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებს და ათასობით პაციენტი მკურნალობის გარეშე დარჩება, მათ შორის შიდსის და ც ჰეპატიტის მქონე პაციენტებიც .

“საავადმყოფოს, რომ არ ჰქონდეს სერიოზული წონა და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის, ამ პარამეტრებით არც უნდა ვფუნქციონირებდეთ. პაციენტებთან ურთიერთობაში რთულად აისახება ეს მძიმე მდგომარეობა თუნდაც, საწოლების რაოდენობის თვალსაზრისით. მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა კმაყოფილების ხარისხი გაწერილი პაციენტების საკმაოდ მაღალია. ჩვენთან უმძიმესი პათოლოგიების დროს სიკვდილიანობა ევროპაში ერთ-ერთი დაბალია, რაც მაღალი კვალიფიკაციით არის განპირობებული“,- აცხადებს შოთა გოგიჩაიშვილი.

საავადმყოფოში ერთ-ერთი პრობლემა დაკავშირებულია სამრეცხაოსთან იმიტომ, რომ არის აბსოლუტურად ამორტიზირებულ შენობაში განთავსებული. დაწესებულებისთვის სერიოზული პრობლემაა ის, რომ კომპიუტერული ტომოგრაფი არ აქვს, რაც ფართის არ არსებობით არის განპირობებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს არ აქვს ემერჯენსი, რომლის არსებობაც დღევანდელ პირობებში აუცილებელია.

შოთა გოგიჩაიშვილი გვიყვება, რომ საავადმყოფოს ულტრა თანამედროვე აპარატურა აქვს, რომელიც ისეთ სივიწროვეშია განთავსებული ადამიანებს ოთახში გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

გოგიჩაიშვილი საავადმყოფოს სახელმწიფო მფლობელობაში არსებობის მნიშვნელობაზე გვესაუბრება:

„იმ ერთეულ ჩამონათვალ სამედიცინო დაწესებულებებში ვართ, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია და ჩემი აზრით, სწორადაც ვართ დარჩენილები, რადგან სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი რეფერალური კლინიკა, რომელშიც თავის სტრატეგიას განახორციელებს. კერძოდ რომ გაიხსნას საავადმყოფო, ის ძალიან ბევრ სერვისზე რომელიც აუცილებელია პაციენტისთვის, უარს იტყვის იმიტომ, რომ მომგებიანი არ იქნებოდა , ჩვენ სახელმწიფოს რაც სჭირდება ის უნდა გავუკეთოთ იმ ფასად, რამდენადაც სახელმწიფო განსაზღვრავს“,- განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

წლის განმავლობაში 50 000 ზე მეტი ამბულატორიული პაციენტია და 5 000 მდე სტაციონარული პაციენტი. არსებული პრობლემების გამო, შესაძლოა მკურნალობის გარეშე რჩებიან შიდსითა და სხვა ინფექციებით დაავადებული პაციენტები და საფრთხე ექმნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას.

„5 000-ზე მეტი შიდსიანი პაციენტი რომელიც დღეს ჩვენთან მუდმივ მეთვალყურეობაში არიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იყვენენ. ჩვენ რომ არ ვარსებობდეთ, ეს პაციენტები ქუჩაში დარჩებიან ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე რაც ქვეყნისთვის დამღუპველ შედეგებს მოიტანს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც და სოციალური თვალსაზრისითაც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა რომელიც შეიძლება ქვეყნას დაუდგეს. იგივე შეიძლება ითქვას მძიმე ინფექციებზე არცერთი კლინიკა არ იღებს ესეთ ადამიანებს იმიტომ, რომა არც გამოცდილება აქვთ, არც ლაბორატორიული ბაზა , არც ის მედიკამენტები აქვთ რომელიც სჭირდება პაციენტის მოვლას“, – განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა:

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85%-ზე მეტი არის კერძო, მომგებიანი დაწესებულება. თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებზეც სწორება გვაქვს- აშშ, ევროპა – მსგავსი პრეცედენტი არსად არ არსებობს. ერთადერთია ჰოლანდია, სადაც სამედიცინო დაწესებულებების 100% არის კერძო, მაგრამ მათი 67% არის არამომგებიანი. ანუ ის პარიტეტი, რაც ჩვენ გვაქვს არის ნეგატიურად უპრეცენდენტო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის გზავნილი, რომ ჩვენ კერძო კლინიკების წინააღმდეგი ვართ. არა, მათ შექმნეს ძალიან მაღალი ხარისხის თამასა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა, რადგან ვსაუბრობთ პერსპექტივაზე, პერსპექტივა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ინვესტიცია და კერძო-სახელმწიფო პარტნიორობაზე დაფუძნებული ე.წ. ეტალონური სამედიცინო დაწესებულებები უნდა შეიქმნას, რომლებიც შექმნიან ხარისხისა და ხარჯეფექტურობის თამასას და კარგი გაგებით, აიძულებენ ყველა დანარჩენ კლინიკას, რომ სწორება აიღონ ამ თამასაზე. ამ მოდელს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებზეც ჩვენ სწორება გვაქვს, იყენებენ,- აღნიშნა სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

 

წყარო: კომერსანტი

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here