“ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრებლად, ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს”

4

ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრებლად, ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

“ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

ბათუმი – უხვი ნალექის შედეგად ძირითადად, დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები.

აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდა სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ბათუმიდან შემოსულია 150 შეტყობინება.

ქობულეთი – უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა 40-მდე საცხოვრებელი სახლი. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

სოფელ ზემო წინსვლაში, ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის.

აჭარაში შუქი არ მიეწოდება დაბა ჩაქვში მე-7 რაიონსა და სახალვაშოს ნაწილს, ხალას, საჩინოს, დაბა ოჩხამურის, ჭახათის, სოფ.ქობულეთის, მუხაესტატეს, წყავროკას, ლეღვასა და ქაქუთის მოსახლეობას. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური, რომ დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას.

სამეგრელო – ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში სულ შემოსულია 58 შეტყობინება. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულია მდინარეები, დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები

სენაკში ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ტეხურამ სოფ. ლეძაძამესა და მარტვილის სოფ. გურძემის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი წაიღო.

ამ დროისთვის, წყლის დონე ეტაპობრივად იკლებს.

სტიქიის შედეგად, საქართველოს არცერთ რეგიონში არავინ დაშავებულა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here